მიუხედავად ხანგრძლივი და არაპროგნოზირებადი 2020 წლისა, 2021 წელი სავსე იქნება პოზიტიური ცვლილებებით, რაც გულისხმობს ადაპტირებას აზროვნებისა და მუშაობის ახალ სტილზე. ეს ნიშნავს, რომ ორგანიზაციები მსოფლიოს მასშტაბით განახორციელებენ ახალ ოპერაციულ პროცესებს, განაახლებენ სამუშაო რუტინას და იზრუნებენ სამუშაო ძალის განვითარებაზე, რომელიც აგრძელებს მუშაობას დისტანციურ რეჟიმში, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ამიტომ ახალ წელს ვხვდებით ახალი ენერგიითა და ენთუზიაზმით.
როდესაც განვიხილავთ ბიზნეს ხედვას ამ წლისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა უნდა იყოს პრიორიტეტული. 2021 წელს საფუძველი ეყრება მრავალ წლიანი ცვლილებების პროცესს, ამიტომ დროა, მოვამზადოთ საკუთარი თავი და ჩვენი ბიზნესი ამისთვის.
ფაქტორები, რომლებიც გვარწმუნებენ ERP სისტემის დანერგვის აუცილებლობაში:
1. საერთო სურათის დანახვის შესაძლებლობა
ERP- ის ეს სარგებელი არის სწორედ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ERP პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ სრული წვდომა თქვენი ბიზნესის ყველა მნიშვნელოვან პროცესზე. ყველა დეპარტამენტის მონაცემები მენეჯერებისა და მმართველი გუნდისთვის ადვილად ხელმისაწვდომია.
გარდა ამისა, თქვენი კომპანიის ყველა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ცენტრალიზებულ ადგილას საშუალებას იძლევა გაიზარდოს თანამშრომლობა და უფრო გამარტივდეს სამუშაოების შესრულება. ეს სრული ხილვადობა უზრუნველყოფს უფრო თანმიმდევრულ სამუშაო პროცესებს, საშუალებას იძლევა სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები, რადგან დარწმუნებული იქნებით, რომ მოცემულ მომენტში ხედავთ სრულ სურათს.
2. პროცესების ეფექტურობის ზრდა
ERP- ს შეუძლია შეამციროს თქვენი თანამშრომლების მიერ ყოველდღიური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო დრო და ძალისხმევა. სწორად დანერგილი ERP გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად ამცირებს ან აღმოფხვრის განმეორებად პროცესებს, რითაც გუნდის წევრებს უთავისუფლებს დროს და აძლევს საშუალებას ეფექტურ ამოცანებზე იყვნენ ორიენტირებული.
უახლესი ტექნოლოგიები, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი (AI), მანქანური სწავლება, რობოტული პროცესების ავტომატიზაცია (RPA) და სხვები, ხელს უწყობენ ავტომატიზაციას და სწორედ ისინი იყრიან თავს ERP პროგრამაში. ამ მოწინავე ფუნქციონალს შეუძლია საქმიანობის მართვა, როგორიცაა მოთხოვნის პროგნოზირება, შესყიდვების შეკვეთების გენერირება და პროდუქციის თვალყურის დევნება წარმოებიდან მიწოდებამდე.
3. სისტემის მოქნილობა
თანამედროვე ERP პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმები ძლიერი, მოქნილი და რეგულირებადია. ისინი არ წარმოადგენენ ყველასათვის მორგებულ შაბლონურ გადაწყვეტას და აქვთ შესაძლებლობა, მოერგონ ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებს. ERP პროგრამას შეუძლია მოერგოს მზარდი ბიზნესის მუდმივად ცვალებად მოთხოვნილებებს, რაც თავიდან აგარიდებთ, თქვენი ბიზნესის ზრდისა და პროცესების ცვლილების შემთხვევაში ახალი სისტემის შეძენას. პროგრამის დანერგვისას აუცილებელია დარწმუნდეთ, რომ შესაძლებელია სასურველი ცვლილებების შეტანა, რათა თქვენს სისტემას ჰქონდეს ყველა საჭირო ფუნქცია ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობისას. დარწმუნდით, რომ თქვენი ERP სისტემა შეიძლება გაიზარდოს თქვენი ბიზნესის ზრდასთან ერთად, რაც გულისხმობს ახალი მომხმარებლების დამატებას.
4. დეპარტამენტების კოლაბორაციისა და მობილურობის ზრდა
არავის სურს წარმართოს ბიზნესი, სადაც თითოეული დეპარტამენტი ფუნქციონირებს განცალკევებულად. დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობა ბიზნესის გადამწყვეტი და ხშირად აუცილებელი ნაწილია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ბიზნეს პროექტებში ხშირად ერთ დეპარტამენტზე მეტია ჩართული. თქვენს ERP სისტემაში შეტანილი მონაცემების ცენტრალიზება და თანმიმდევრულობა უზრუნველყოფს, დეპარტამენტებმა იმუშაონ ერთად, ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია და ითანამშრომლონ საჭიროებისამებრ. ინფორმაცია განახლდება რეალურ დროში, ასე რომ არ აქვს მნიშვნელობა იყენებთ ERP პროგრამას დილით, შუადღისას თუ შორეული ადგილიდან. კომუნიკაციის, ინფორმაციის გაზიარების და მონაცემების გამოყენების შესაძლებლობა ყოველთვის ხელმისაწვდომი და ზუსტია. მომხმარებლებს აქვთ წვდომა ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაზე ნებისმიერი ადგილიდან, სადაც მუშაობენ და სხვადასხვა მოწყობილობებიდან, მათ შორის ლეპტოპიდან, პლანშეტიდან ან მობილური ტელეფონიდან.
5. მარტივი რეპორტინგი
ცენტრალიზებული ინფორმაციის საჭიროებისამებრ ხილვადობა აძლევს ERP პროგრამას მნიშვნელოვან უპირატესობას. სწორად შეყვანილი ინფორმაციის შედეგად სისტემა იძლევა საშუალებას, რამდენიმე წამში დავაგენერიროთ ჩვენთვის საჭირო რეპორტი უკვე არსებული შაბლონის მიხედვით, ასევე მარტივად გადავაწყოთ ყველა მათგანი IT-ის დახმარების გარეშე.
მრავალი სისტემა იძლევა ასევე საშუალებას BI ფუნქციონალით უზრუნველყოს მომხმარებელი უფრო ღრმა ანალიტიკური ხედვით მათი საქმიანობის შესახებ. ძლიერი და პრობლემური სფეროების იდენტიფიცირებით უკეთ მუშავდება სტრატეგიული გეგმები, გადაწყვეტილებები უფრო რელევანტურია და, შესაბამისად, შედეგი – უფრო მომგებიანი.
6. ინფორმაციის უსაფრთხოება
ERP სისტემის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა მონაცემთა უსაფრთხოებაა. ERP კონცეფციის ამოსავალი წერილი სწორედ მონაცემთა ბაზაა. მონაცემთა გაზიარება თანამშრომლებზე სხვადასხვა დეპარტამენტიდან ზრდის პროცესების ეფექტურობას, მეორეს მხრივ ხდება კონტროლი, ვის რა მონაცემზე აქვს წვდომა და რისი დარედაქტირება შეუძლია. ERP გადაწყვეტილებებს აქვთ შიდა კონტროლი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, რაც ეხმარება ERP პლატფორმებს მონაცემთა უსაფრთხოების მაღალი დონის შენარჩუნებაში არის ის, რომ ინფორმაციის შეტანა ხდება ერთი სისტემის ფარგლებში. მრავალი სისტემისგან ინფორმაციის შერწყმა ხშირად იწვევს კონფლიქტს წყაროებს შორის, მაგრამ ინფორმაციის ერთი საცავის არსებობა ხელს უწყობს მონაცემების სიზუსტის, თანმიმდევრულობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
ასევე, იქნება ეს On-premise თუ Cloud-based ERP სისტემის გამოყენება, მონაცემები მაღალ დონეზეა დაცული გარე შემოტევებისგან. ცენტრალიზებულად არის შესაძლებელი ბაზებისა და კრიტიკული ინფორმაციის დაარქივება (back-ups). გავრცელებული აზრის მიუხედავად, შესაძლებელია ჩავთვალოთ, რომ ქლაუდ ტექნოლოგიის გამოყენება მეტ დაცულობას ქმნის, ასე ვთქვათ ორმაგი დაცვაა, რადგან სისტემის ვენდორ კომპანიებს ჰყავთ სპეციალურად დაქირავებული პერსონალი, აქ განთავსებული ინფორმაციის დაცვისა და დაარქივებისთვის. ასე რომ, სერვერზე განთავსებულ ინფორმაციაზე უფრო ნაკლებად ხდება ჰაკერული შემოტევები.
7. კონკურენტური უპირატესობა
მართალია, ERP პროგრამული უზრუნველყოფა დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ ინვესტიციის არ ჩადების ხარჯი კიდევ უფრო დიდია. მაშინ, როცა ზოგიერთი მწარმოებელი ირჩევს წარსულის ნაცადი მეთოდების გამოყენებას, სხვები ეძებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. ზემოთ უკვე ვისაუბრეთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც სერიოზულ შედეგებს აძლევს კომპანიებს და აჩქარებს მათ წინსვლას. პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა ხელს გიწყობთ კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში, რადგან აღარ გემუქრებათ ძვირადღირებული საქმიანი შეცდომების დაშვება, რამაც შეიძლება წინსვლის ნაცვლად დაგაყენოთ ბაზრის მიღმა. ადრე თუ გვიან კომპანიები აღწევენ იმ დონეს, როცა ERP სისტემის დანერგვის გარდაუვალობამდე მიდიან, ამიტომ რაც უფრო ადრეულ ეტაპზე მოხდება ეს, მით უფრო დიდია მათი უპირატესობა კონკურენტ ორგანიზაციებზე.