„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული კანონპროექტს დღგ-ს ცვლილებებთან დაკავშირებით ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ბიზნესისათვის. გვსურს ბიზნესის წარმომადგენლებს ღიად მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა იცვლება 2020 წლის 1 იანვრიდან დღგ-ს დაბეგვრისას და კონკრეტულად რა პროცესებს გაუმარტივებს მათ აღნიშნული კანონპროექტი.
მივესალმებით ინიციატივას, რომ ფინანსთა სამინისტრო სრულებით ღიაა შენიშვნებისთვის კანონპროექტის გარშემო: ჩვენ მათ მივაწოდეთ გარკვეული შენიშვნები კანონპროექტის გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ახალ რედაქციაში საბოლოოდ Nexia TA-ს რეკომენდაციები თითქმის სრულად იქნა გათვალისწინებული“ აცხადებს Nexia TA-ს საგადასახადო ექსპერტი დავით მამრიკიშვილი.
„მინდა ავღნიშნო, რომ კერძო სექტორიდან რამოდენიმე ექსპერტის და ფინანსთა სამინისტროს ერთობლივი მუშაობის შედეგად საბოლოო ჯამში მივიღეთ კანონპროექტი, რომელიც შესაბამისობაშია ევროდირექტივასთან და იმავდროულად გაიზარდა შეღავათები გარკვეულ სექტორებში. რათქმაუნდა მუშაობა გრძელდება და კანონის ამოქმედების შემდეგაც იქნება გარკვეული ცვლილებები, მათ შორის კანონქვემდებარე აქტებით დაზუსტდება ბევრი დეტალი. Nexia TA-ში უკვე დავიწყეთ და სისტემატიურად ჩავატარებთ ტრეინინგებს დაინტერესებული პირებისთვის, რათა ხელი შევუწყოთ ბიზნესს ახალ კანონთან მარტივად ადაპტირებაში“ აცხადებს Nexia TA-ს მმართველი პარტნიორი გელა მღებრიშვილი.
რა არ უნდა დაიბეგროს ახალი კანონპროექტის მიხედვით:
არადასაბეგრი პირის მიერ ერთჯერადი/არარეგულარული საქმიანობა, გარდა არასაცხოვრებელი შენობა/ნაგებობის მიწოდებისა;
საქონლის გადაცემა/გამოყენება, ნიმუშის ან მცირე ღირებულების საჩუქრის სახით არ დაექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას.
საქონლის დროებითი შემოტანა აღარ განიხილება დასაბეგრ ოპერაციად და ბიზნეს აღარ მოუწევს დროებით შემოტანაზე დღგ-ის გადახდა.
კრიპტოგრაფიული ვალუტა (კრიპტოაქტივები) არ განიხილება საქონლად და მისი მიწოდება არ დაიბეგრება დღგ-ით;
დაზღვევა ან/და გადაზღვევასთან ერთად არ დაიბეგრება, თანმდევი მომსახურებები, რომელსაც სადაზღვევო ბროკერები ან/და სადაზღვევო აგენტები ახორციელებენ;
პირის მიერ, თიზ-ის საწარმოსგან შეძენილი საქონლის იმპორტის შემთხვევაში, თუ
ა) საქონლის იმპორტი და მიწოდება არ არის დღგ-სგან გათავისუფლებული, იმპორტისას გადასახდელი დღგ-ის თანხის გადახდა ხორციელდება იმპორტის თანხიდან გამომდინარე, ხოლო იმპორტიორის მიერ თიზ-ის საწარმოსგან უცხოური საქონლის შესყიდვის ღირებულებასა და საქონლის იმპორტის თანხას შორის დადებითი სხვაობის თანხა დღგ-ით იბეგრება უკუდაბეგვრის წესით;
დამატებითი შეღავათები დაწესდა და ცალკე მუხლში განიმარტა შეღავათები სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ სფეროში, დაბეგვრისგან თავისუფლდება იმ საქონლის მიწოდება, რომელიც გამოყენებულია მხოლოდ სამედიცინო, განათლების, კულტურის, სპორტის და სოციალურ სფეროში არსებულ გათავისუფლებულ ოპერაციებში, თუ აღნიშნულ საქონელზე არ წარმოშობილა დღგ-ის ჩათვლის უფლება;
გათავისუფლებულ ძირითად მიწოდებასთან ერთად, მასთან უშუალოდ დაკავშირებული მომსახურებაც არ დაიბეგრება დღგ-ით;
დაბეგვრისგან თავისუფლდება რელიგიური ორგანიზაციის მიერ პერსონალით უზრუნველყოფის მომსახურება, მათ შორის, სამედიცინო ან საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
თავისუფლდება მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება ორგანიზაციის მიერ, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ცალკეული სოციალური ხასიათის საქმიანობისათვის სახსრების მოზიდვის მიზნით.
დასაბეგრ ოპერაციად არ განიხილება აქტივების (მათ შორის, მომსახურების) მიწოდება საწარმოს მიერ ყველა აქტივის მიწოდებისას, რეორგანიზაცისას ან კაპიტალში შეტანისას, წინა რედაქციაში მხოლოდ აქტივების შეტანა იყო კაპიტალში გათავისუფლებული ჩათვლის უფლებით.
ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება და არ დაიბეგრება საჯარო დაწესებულებების საქმიანობა, სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, გარდა კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დღგ-სგან ჩათვლის უფლებით თავისუფლდება მომსახურების გაწევა სხვა პირის სახელით მოქმედი შუამავლის მიერ, საერთაშორისო გადაზიდვების ოპერაციებში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ოპერაციებში მონაწილეობის შემთხვევაში.
ფართოვდება და ზუსტდება საქონლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ოპერაციები, მათ შორის, დღგ-სგან თავისუფლდება:
– საქონლის მიწოდება ღია ზღვაში ან მგზავრების ფასიანი გადაყვანისთვის ან კომერციული, საწარმოო ან თევზჭერის საქმიანობებისთვის ან სამაშველო ან ზღვაში დახმარების ოპერაციებისთვის და სხვა;
– საზღვაო და საჰაერო ხომალდის მიწოდება, გადაკეთება, შეკეთება, ტექნიკური მომსახურება, ფრახტი ან იჯარა, და ასეთ ხომალდზე დამონტაჟებული ან გამოყენებული აღჭურვილობის მიწოდება, იჯარა, შეკეთება ან ტექნიკური მომსახურება და სხვა;
რა შესაძლოა დაიბეგროს ახალი კანონპროექტის მიხედვით:
საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ შესაბამის პირს ამ ხარჯზე/ოპერაციაზე დღგ აქვს ჩათვლილი;
მომსახურების უსაყიდლოდ გაწევა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ ეს საქმიანობა არ გამომდინარეობს გადამხდელის საქმიანობის მიზნიდან ან გაწეულია საკუთარი თანამშრობლების პირადი სარგებლობისათვის;
სამედიცინო და საგანმანათლებლო საქმიანობასთან ერთად დაბეგვრისგან თავისუფლდება მასთან უშუალოდ დაკავშირებული და დამხმარე მომსახურების/საქონლის მიწოდება, აღნიშნული წარმოადგრ
რა უნდა დაიბეგროს ახალი კანონპროექტის მიხედვით:
უსასყიდლო მიწოდება დაიბეგრება მიწოდებული საქონლის/მომსახურების „თვითღირებულებიდან“ და არა საბაზრო ფასიდან;
საკუთარი ძალებით შენონა-ნაგებობის(ძირითადი საშუალების) წარმოება ან რემონტი საკუთარი მიზნისთვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიბეგრება, თუ პირი ვერ მიიღებდა დღგ-ის ჩათვლას ამ საქონლის/მომსახურების სხვა პირისგან შეძენის შემთხვევაში;
უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლების მშენებარე ობიექტზე რეგისტრაციის შემთხვევაში, უძრავი ქონების მიწოდება და მის მიწოდებასთან დაკავშირებული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება ერთ ოპერაციად განიხილება და შენობის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტში დაიბეგრება, აღნიშნული გაამარტივებს ადმინისტრირებას და შეამცირებს სადავო შემთხვევებს.
ავანსის დაბეგვრა, გავრცელდება უწყვეტ და რეგულარულ მიწოდებებზეც, გარდა კავშირგაბმულობის და სატელეკომუნიკაციო მომსახურებისა, აგრეთვე საქონლის(ელექტროენერგია, გაზი, წყალი და სხვა მსგავსი საქონელი) რეგულარულად და უწყვეტად მიწოდების შემთხვევებისა;
ლიზინგით საქონლის გადაცემა – გამოსყიდვის პირობით, დაიბეგრება ფაქტობრივი მიწოდებისას. ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ დაიბეგრება;
დამატებითი გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი ცვლილებები ახალ კანონპროექტში:
განიმარტა და დაზუსტდა ტერმინები, რომლებიც არ იყო განმარტებული საგადასახადო კოდექსში.
დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს ექნება უფლება რომ აღრიცხვა აწარმოოს საკასო მეთოდით;
მომსახურების გაწევის ადგილი განსაზღვრისთვის ზოგადად ამოქმედდება ორი ძირითადი პრინციპი:
ბიზნესის (დასაბეგრი პირის) მიერ ბიზნესისათვის (დასაბეგრი პირისათვის) (B2B) – მომსახურების გაწევის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება მომსახურების შემძენის დაფუძნების ადგილი;
ბიზნესის (დასაბეგრი პირის) მიერ მომხმარებლისათვის (არადასაბეგრი პირისათვის) (B2C) – მომსახურების გაწევის ადგილად განიხილება ადგილი, სადაც მიმწოდებელი არის დაფუძნებული. ცალკეული მომსახურებებისთვის განისაზღვრა დაბეგვრის ადგილის განსაზღვრის სპეციალური წესები. ფართოვდება იმ მომსახურებების ჩამონათვალი, რომლის არარეზიდენტისთვის მიწოდება არ დაიბეგრება.
შემოვიდა ვაუჩერის დაბეგვრის ახალი რეგულაცია, განიმარტა ვაუჩერის მეშვეობით განხორციელებული ოპერაციების დაბეგვრის პრინციპები;
იქმნება შესაძლებლობა მეორადი საქონლის, ხელოვნების ნიმუშის, საკოლექციო ან ანტიკვარული ნივთის მიწოდება დაიბეგროს მოგების მარჟის მიხედვით;
ჩასათვლელი პროპორციული წილის გამოთვლისას, აღარ გაითვალისწინება ბრუნვის თანხა უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ან ფინანსურ ოპერაციებს, თუ ეს არ არის პირის ძირითადი საქმიანობა;
იქმნება შესაძლებლობა საქონლის მიმწოდებელმა დაიბრუნოს გადახდილი დღგ, თუ უცხო ქვეყანაში დაფუძნებულმა ფიზიკურმა პირმა/მგზავრმა მის მიერ მიწოდებული საქონელი გაიტანა საქართველოს ფარგლებს გარეთ.
იქმნება შესაძლებლობა საქონლის (ელექტროენერგია, გაზი, წყალი და სხვა მსგავსი საქონელი) მსგავსად, ცალკეული კატეგორიის მომსახურების შემთხვევებშიც საანგარიშო პერიოდში მიწოდებულად განისაზღვროს გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდების მიხედვით აღრიცხული საქონლის/მომსახურების ოდენობა, მიუხედავად საანგარიშო პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებულისა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქართული და ევროპული დღგ-ის შესაბამისობა ხელს შეუწყობს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის დამკვიდრებას, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების და ინტერპრეტაციების პრაქტიკაში გამოყენება ვფიქრობთ თავის მხრივ შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გადასახადის გადამხდელებს გაუმარტივებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას.