კლიენტთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) სოფტის ბაზარი მოიცავს იმ პროგრამების გაყიდვებს, რომლებიც ეხმარება კომპანიას თავის კლიენტებთან უფრო მჭიდრო კავშირის ჩამოყალიბებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს კომპანიებს გაანალიზონ მომხმარებელთა ქცევა და ავტომატიზებული გახადონ მათთან ურთიერთობის გარკვეული ასპექტები. CRM გადაწყვეტილებები მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა Agile CRM, Recruit CRM, Sales mate CRM, NetSuite CRM და ა. შ.
2020 წლის მონაცემებით CRM ბაზარი შეადგენდა $49,27 მილიარდს. The Business Research Company-ის კვლევის თანახმად აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის $50.81 მილიარდს მიაღწევს ყოველწლიური 3.1%-იანი ზრდით. მაჩვენებლის მსგავსი ზრდა ძირითადად დაკავშირებულია COVID-19-თან, რადგან ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად მოუხდათ კომპანიებს ბიზნეს პროცესების გადაწყობა და დისტანციურ გარემოში მუშაობა, რაც თავის მხრივ მოითხოვს შესაბამისი დამხმარე ხელსაწყოების არსებობას. უფრო გრძელვადიანი პროგნოზით ბაზარი გააგრძელებს ზრდას წლიური 9.3%-იანი ნიშნულით და 2025 წლისთვის გლობალური ბაზარი მიაღწევს $72.61 მილიარდს.
CRM სოფტის პროვაიდერებისთვის მოცემული საიმედო პროგნოზი გამოწვეულია კომპანიების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნით, რომელსაც საფუძველს უქმნის ერთი მხრივ პანდემიით შექმნილი ახალი სამუშაო კულტურა, მეორე მხრივ მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის სურვილი კომპანიების მხრიდან.
CRM სოფტის ყველაზე მსხვილი მომხმარებელი ქვეყნები არიან: ბრაზილია, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ავსტრალია. Რაც შეეხება პროვაიდერებს, ბაზრის მთავარი მოთამაშეები არიან Salesforce, Microsoft, Oracle, SAP, 1C: Bitrix24, SugarCRM.