„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი სიახლეები
2018 წლის 6 აგვისტოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში ოფიციალურად გამოქვეყნდა კანონი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“. კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დაგროვებითი საპენსიო სქემა, რომლის შინაარსზეც დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი, ამოქმედდება 2019 წლის პირველი იანვრიდან. კანონის რეგულაციები ზრდის როგორც დასაქმებულების, ასევე დამსაქმებლების ხარჯებს, შესაბამისად, მათი წინასწარ გათვალისწინება მნიშვნელოვანი იქნება იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის.
კანონის მოქმედება ვრცელდება:
ა) დამსაქმებლებზე;
ბ) საქართველოს მოქალაქეებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან/და მოქალაქეობის არმქონე პირებზე გარდა არარეზიდენტი ფიზიკური პირებისა;
დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიების და სხვა პირების დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
საპენსიო სქემა
დაგროვებითი საპენსიო სქემის მიხედვით, დამსაქმებელი ვალდებულია, თავისი სახელით, მოცემული სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელოს შენატანი, დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. ასევე, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელოს შენატანი, დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით.
დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე თვითდასაქმებული ვალდებულია საკუთარ, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელოს შენატანი, წლიური შემოსავლის 4%-ის ოდენობით.
დაგროვებითი საპენსიო სქემის თითოეული მონაწილის სასარგებლოდ სახელმწიფო მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს ორ (2) პროცენტს დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც ჯამურად არ აღემატება მონაწილის მიერ წლიური ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ ოცდაოთხი ათას (24 000) ლარს, ხოლო ერთ (1) პროცენტს მონაწილის მიერ ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ თანხაზე ოცდაოთხი ათასი (24 000) ლარიდან სამოცი ათას (60 000) ლარამდე. სახელმწიფო არ განახორციელებს საპენსიო შენატანს მონაწილის მიერ წლიურად დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის სახით მიღებულ იმ მოცულობაზე, რომელიც აღემატება სამოცი ათას (60 000) ლარს.
თვალსაჩინოებისათვის განვიხილოთ რამდენიმე შემთხვევა მაგალითების სახით.
მაგალითი 1
დავუშვათ, დასაქმებულის ყოველთვიური, ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 800 ლარს. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასი იქნება 1000 ლარი.
დამსაქმებლის მიერ, თავისი სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს 1000 ლარის 2 პროცენტს, ანუ 20 ლარს.
დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს ასევე 1000 ლარის 2 პროცენტს, ანუ 20 ლარს.
სახელმწიფოს მიერ, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული ყოველთვიური საპენსიო შენატანი, ვინაიდან დასაქმებულის წლიური შემოსავალი 24000 ლარზე ნაკლებია, შემოსავლის მთლიან მოცულობაზე შეადგენს ასევე 1000 ლარის 2 პროცენტს, ანუ 20 ლარს.
ჯამურად, დაგროვილი საპენსიო შენატანი ყოველთვიურად შეადგენს 60 ლარს, ხოლო ყოველწლიურად (20 +20 +20) * 12 = 720 ლარს.
გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად, ცვლილება შევიდა საქართველო საგადასახადო კოდექსშიც, (რაზეც უფრო დაწვრილებით ქვემოთ გვექნება საუბარი) საპენსიო შენატანები აღარ დაიბეგრება და დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაცვლად 200 ლარისა, დაუკავებს 196 ლარს.
შედეგად, დასაქმებული ყოველთვიურად, ხელფასის სახით ხელზე აიღებს 784 ლარს, ხოლო საპენსიო ანგარიშზე დაუგროვდება 60 ლარი.
მაგალითი 2
დავუშვათ, დასაქმებულის ყოველთვიური, ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 1700 ლარს. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასი იქნება 2125 ლარი.
დამსაქმებლის მიერ, თავისი სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს 2125 ლარის 2 პროცენტს, ანუ 42.5 ლარს.
დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს ასევე 2125 ლარის 2 პროცენტს, ანუ 42.5 ლარს.
სახელმწიფოს მიერ, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული ყოველთვიური საპენსიო შენატანი, წლიურად 24000 ლარის მოცულობის შემოსავალზე შეადგენს 2 პროცენტს, თუმცა, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულის წლიური შემოსავალი შეადგენს 25 500 ლარს, დარჩენილ 1500 ლარზე სახელმწიფო დასაქმებულის სასარგებლოდ მის საპენსიო ანგარიშზე გადარიცხავს მხოლოდ 1 პროცენტს. შესაბამისად, დასაქმებულის სასარგებლოდ წლის განმავლობაში სახელმწიფო გადარიცხავს 495 ლარს (24000*2%+1500*1%).
ჯამურად, წლის განმავლობაში დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო შენატანი შეადგენს (42,5 + 42,5) * 12 + 495 = 1 515 ლარს.
დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაცვლად 425 ლარისა, დააკავებს 416,5 ლარს.
შედეგად, დასაქმებული ყოველთვიურად, ხელფასის სახით ხელზე აიღებს 1666 ლარს.
მაგალითი 3
დავუშვათ, დასაქმებულის ყოველთვიური, ხელზე გასაცემი ხელფასი შეადგენს 4500 ლარს. ასეთ შემთხვევაში, დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასი იქნება 5625 ლარი.
დამსაქმებლის მიერ, თავისი სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს 5625 ლარის 2 პროცენტს, ანუ 112,5 ლარს.
დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით განხორციელებული საპენსიო შენატანი შეადგენს ასევე 5625 ლარის 2 პროცენტს, ანუ 112,5 ლარს.
განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულის წლიური შემოსავალი შეადგენს 67500 ლარს. სახელმწიფოს მიერ, დასაქმებულის სასარგებლოდ განხორციელებული ყოველთვიური საპენსიო შენატანი, წლიურად 24000 ლარის მოცულობის შემოსავალზე შეადგენს 2 პროცენტს, 24000 ლარიდან 60000 ლარამდე შემოსავალზე 1 პროცენტს, ხოლო წლიურად 60000 ლარის ზემოთ შემოსავალზე 0 პროცენტს. შესაბამისად, წლის განმავლობაში, სახელმწიფო დასაქმებულის სასარგებლოდ გადაიხდის ჯამში 840 ლარს (24000*2%+36000*1%).
ჯამურად, წლის განმავლობაში დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე დაგროვილი საპენსიო შენატანი შეადგენს (112,5 + 112,5) * 12+840 = 3540 ლარს.
დამსაქმებელი დასაქმებულს ხელფასიდან საშემოსავლო გადასახადის სახით, ნაცვლად 1125 ლარისა, დააკავებს 1102,5 ლარს.
შედეგად, დასაქმებული ყოველთვიურად, ხელფასის სახით ხელზე აიღებს 4410 ლარს.
მნიშვნელოვანია, რომ კანონის მიხედვით დასაქმებული არის ფიზიკური პირი, რომელიც ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით; ასრულებს ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან; არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი), ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი; დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად; ხელფასი არის მომსახურების გაწევით მიღებული ის შემოსავალი რომელიც იბეგრება გადახდის წყაროსთან, ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილი ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა შემოსავლისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე გარდა როიალტისა, ქირისა, იჯარისა და საინვესტიციო შემოსავლისა); შესაბამისად, საპენსიო სქემა სავალდებულოდ ვრცელდება არა მხოლოდ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე, არამედ, იმ პირებზეც, რომელთათვის გადასახდელი ანაზღაურებაც მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. (გარდა შემოსავლისა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე გარდა როიალტისა, ქირისა, იჯარისა და საინვესტიციო შემოსავლისა), მაგალითად, თუ იურიდიულ პირს მომსახურებას უწევს ფიზიკური პირი და საგადასახადო კოდექსის შესაბამისად, ამ იურიდიულ პირს ევალება მომსახურების საფასურიდან გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავება, აღნიშნულ თანხებზეც უნდა გავრცელდეს საპენსიო სქემიდან გამომდინარე ვალდებულებები.
დამსაქმებლის სრული ხარჯის გამოთვლა ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობიდან
თუ საპენსიო სქემის ამოქმედებამდე, დამსაქმებელი დასაქმებულის ხელზე ასაღები ხელფასის ოდენობას უმატებდა 25 პროცენტს და შედეგად გებულობდა, რამდენი იქნებოდა მისი სრული ხარჯი (დასაბეგრი ხელფასი), საპენსიო სქემის ამოქმედების შემდეგ, აღნიშნული ფორმულით სრული ხარჯების გამოთვლა ვეღარ მოხერხდება. თუ დამსაქმებელი დასაქმებულს უთანხმდება, რომ ის ხელზე მიიღებს 800 ლარს ხელფასის სახით, იმისათვის, რომ დამსაქმებელმა გაიგოს, რამდენი ექნება მას ხარჯი, მან უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი დასაბეგრი ხელფასიდან დასაქმებულს უკავებს 2 პროცენტს საპენსიო შენატანის სახით და 19.6 პროცენტს საშემოსავლო გადასახადის სახით (ჯამში 21.6 პროცენტი). შესაბამისად, 800 ლარი არის დასაქმებულის ხელზე ასაღები ხელფასის 78.4 პროცენტი (100-21.6=78.4). იმისთვის რომ გავარკვიოთ, რამდენია დასაქმებულის დაუბეგრავი ხელფასი, 800 უნდა გავყოთ 78,4-ზე და გავამრავლოთ 100-ზე. მივიღებთ დაახლოებით (მეასედებამდე დამრგვალებით) 1020,41 ლარს. დამსაქმებელმა დამატებით უნდა გაითვალისწინოს, რომ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონი ავალდებულებს მას რომ თავისი სახელით, საპენსიო სქემის მონაწილე თითოეული დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განახორციელოს შენატანი, დასაბეგრი ხელფასის 2%-ის ოდენობით. შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული ფორმულით მიღებულ თანხას მან უნდა დაამატოს 2 პროცენტი და შედეგად გაიგებს, რამდენი ექნება სრული ხარჯი.
საბოლოოდ, სრული ხარჯების გამოსათვლელი ფორმულა გამოიყურება ასე: დასაქმებულის ხელზე ასაღები ხელფასი გაყოფილი 78,4-ზე, გამრავლებული 100-ზე და მიღებულ თანხას დამატებული 2 პროცენტი. ზემოთ მოყვანილი მაგალითის მიხედვით, 800 რომ გავყოთ 78.4-ზე, გავამრავლოთ 100-ზე და დავუმატოთ მიღებული თანხის 2 პროცენტი, იქნება დაახლოებით 1040,82 ლარი (მეასედებამდე დამრგვალებით). შესაბამისად, დამსაქმებლის სრული ხარჯი, თუ ის დასაქმებულს შეუთანხმდება, რომ ხელზე მისცემს 800 ლარ ხელფასს, იქნება 1040,82 ლარი.
მონაწილეთა გაწევრება
თითოეული დასაქმებული, კანონის ამოქმედებისთანავე ხდება სქემის მონაწილე, გარდა იმ დასაქმებულისა , რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (ქალების შემთხვევაში 55 წელი), თუმცა, სურვილის შემთხვევაში მასაც შეუძლია გახდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის ნებაყოფლობითი მონაწილე.
თვითდასაქმებული პირებისათვის საპენსიო სქემაში გაწევრება ასევე ნებაყოფლობითია, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. თვითდასაქმებულად ითვლება: ინდივიდუალური მეწარმე, ასევე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას[1], საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ ექვემდებარება გადასახადის წყაროსთან დაკავებას; თვითდასაქმებულის შემოსავალი არის: ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი, ხოლო „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლისმე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი. აქედან გამომდინარე, ის შემოსავალი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება, კანონის მიზნებისათვის ითვლება ხელფასად, ამ ნაწილში თვითდასაქმებული ითვლება ჩვეულებრივ დასაქმებულ პირად და შემოსავლის ამ ნაწილში თვითდასაქმებულისათვის საპენსიო სქემაში გაწევრება სავალდებულოა.
დასაქმებული ხდება სქემის მონაწილე ავტომატურად, 2019 წლის პირველი იანვრის შემდეგ, მის მიერ პირველი ხელფასის მიღებისთანავე.
უარი დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე
დასაქმებული, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილე, უფლება აქვს, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან, ავტომატურად სქემაში გაწევრებიდან ხუთი 5 თვის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასაქმებული რჩება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილედ. ამასთან, აღნიშნული პირი სქემიდან გასვლის უფლებას მოიპოვებს სქემაში გაწევრებიდან სამი 3 თვის შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ აღნიშნული წესის შესაბამისად, პირი უარს განაცხადებს საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე:
დამსაქმებლის მიერ, დასაქმებულის სახელით, საპენსიო ანგარიშზე შეტანილი თანხა და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავლები, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დასაქმებულს.
დამსაქმებლის მიერ, თავისი სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო ანგარიშზე შეტანილი თანხა და მასთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავლები, შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება და დაუბრუნდება დამსაქმებელს ან უფლებამოსილ პირს.
გაუგებრობა შეიძლება გამოიწვიოს, თუ რა ჩაითვლება კანონის ძალაში შესვლის მომენტად. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მიხედვით:
- ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7, 21-ე და 29-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
- ამ კანონის მე-7 და 21-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.
- ამ კანონის 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.
შესაბამისად, კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში შევიდა მისი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მომენტიდან (2018 წლის 6 აგვისტოდან), საპენსიო სქემა (მე-7 და 21-ე მუხლები) ამოქმედდება 2019 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო კანონი სრულად ძალაში შევა 2021 წლის პირველი იანვრიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი, მაგალითად, რა შემთხვევაში მოიპოვებს პირი უფლებას, რომ გავიდეს საპენსიო სქემიდან? როდესაც მას 40 წელი შეუსრულდა კანონის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მომენტამდე (2018 წლის 6 აგვისტომდე) თუ საპენსიო სქემის ამოქმედების მომენტამდე, ანუ 2019 წლის პირველ იანვრამდე? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო იქნება საპენსიო სააგენტოს რეკომენდაციები, თუმცა ჩვენი აზრით ყველაზე მართებული იქნება, თუ კანონის ამოქმედების მომენტად მივიჩნევთ მისი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ გვერდზე გამოქვეყნების დღეს.
დაბეგვრა და სანქციები
დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის მიღებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსში და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატება 16511-ე მუხლი შემდეგი რედაქციით:
„16511-ე მუხლი. დამსაქმებლის ან თვითდასაქმებულის მიერ სავალდებულო საპენსიო შენატანების გადახდის ვალდებულების დარღვევა
- დამსაქმებლის მიერ საკუთარი ან დასაქმებულის სახელით საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის გამოვლენა (მიუხედავად გამოვლენილი დარღვევების საერთო რაოდენობისა) იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
- თვითდასაქმებულის მიერსაპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, – იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენის უფლებამოსილება ექნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – შემოსავლების სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა შესაძლოა გახდეს დასაქმებულის მხრიდან სამოქალაქო დავის საგანიც, რადგან ამით უშუალო ზიანი ადგება დასაქმებულ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ფიზიკურ პირთა იმ შემოსავლების სახეების ჩამონათვალს, რომელიც გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან, დაემატა: „დაგროვებითი პენსია განხორციელებული საპენსიო შენატანების და შესაბამისი სარგებლის ოდენობით, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა“[2].
ასევე, ცვლილება შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 103-ე მუხლებში. ცვლილებების შესაბამისად, არც ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალში და არც შემოსავლებში, რომლებიც არ არის დაკავშირებული დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, არ შევა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანების მოცულობა, გარდა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტით[3] და 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით[4] გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ყურადღება! წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია მკითხველისათვის საპენსიო სისტემის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიწოდება. წინამდებარე პუბლიკაცია არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. ასევე, მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით წარმოადგენს ავტორის სუბიექტურ აზრს და შეიძლება არ იყოს ზუსტი, შესაბამისად, გთხოვთ წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელებამდე გადაამოწმეთ ინფორმაცია უშუალოდ კანონმდებლობაში ან/და გაიარეთ კონსულტაცია შესაბამის პირებთან.
[1] აღნიშნულ ნორმაში საუბარია საქმიანობის შემდეგ სახეებზე: „ფიზიკური პირების სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა, აგრეთვე ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“
[2] „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით: „მონაწილეს, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს სამუდამოდ დატოვებას, შეუძლია მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით. ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება იმ პირობით, რომ მონაწილე წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს.“
[3] „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით: მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.
[4] „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით: 1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით. 2. საპენსიო აქტივების გადაცემა შეიძლება ერთიანი გადახდით ან საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად. მონაწილის მემკვიდრის მიერ ერთიანი გადახდის არჩევის შემთხვევაში მისთვის გადასაცემი თანხა დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.