ნექსია თიეიმ საქართველოს ჭადრაკის პირველ კორპორატიულ ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა

2018 წლის 23-24 ივნისს სასტუმრო „იოტაში“ (თბილისი, ლერმონტოვის ქ.№10) ჭადრაკში საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჩატარდა. მასში 21 ბიზნესორგანიზაციის 22 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან შედგებოდა. ჩემპიონატში ჯამში ითამაშა 103-მა მოჭადრაკემ, აქედან 13 საერთაშორისო დიდოსტატი იყო, 14 – საერთაშორისო ოსტატი და 3 – ფიდეს ოსტატი.

ჩემპიონატის საპატიო სტუმრებმა: მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა,საერთაშორისო ოსტატმა ნანა იოსელიანმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, ისაუბრეს ტურნირის მნიშვნელობაზე; ითქვა, რომ საქართველოში ჭადრაკის პოპულარიზაციის მიზნით ბევრი ღონისძიება იმართება, ერთ-ერთი სწორედ პირველი კორპორატიული ჩემპიონატი იყო, რომელის გამართვის იდეაც 2017 წელს ევროპის კორპორატიული ჩემპიონატის ჩატარების შემდგომ გაჩნდა. მათ მადლობა გადაუხადეს იმ ბიზნესორგანიზაციებს, რომლებიც გვერდში უდგანან ქართულ ჭადრაკს. 


ქალბატონმა ნანა იოსელიანმა იმედი გამოთქვა, რომ კორპორატიული ჩემპიონატი, რომელიც ნამდვილ საჭადრაკო დღესასწაულად იქცა, თანდათან გაძლიერდება და საქართველოში საკლუბო ჩემპიონატებიც ასეთივე წარმატებით გაიმართება.

პირველი კორპორატიული ჩემპიონატი საქართველოში ჭადრაკის ოლიმპიური წლის ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდა. მსოფლიოს 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2018 წლის 23 სექტემბერი – 6 ოქტომბრის მანძილზე ბათუმში გაიმართება.

ტურნირის მონაწილე ყველა გუნდი დიპლომით დაჯილდოვდა.