30 მარტს ნექსია თიეი აკადემიამ გერმანიის ეკონომიკურ გაერთიანებასთან თანამშრომლობით ჩაატარა ტრენინგი თემაზე ფინანსური აღრიცხვა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით.
ტრენინგს უძღვებოდნენ ნექსია თიეი აკადემიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ტრენერები: სოფიო ღუდუშაური და დავით მამრიკიშვილი.
კურსი მოიცავდა ფინანსური აღრიცხვის კონცეფციებს და IFRS სტანდარტების მიხედვით ფინანსური აღრიცხვის წარმოების მეთოდოლოგიის შესახებ თეორიულ შესავალს.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ მათთვის საინტერესო, რელევანტურ თემებზე რეკომენდაციები.
ტრენინგის ბოლოს ნექსია თიეი-ს მმართველმა პარტნიორმა ბატონმა დავით ლომიძემ მსმენელებს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
ნექსია თიეი აკადემია წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Nexia International-ის ქართული წარმომადგენლობის – Nexia TA-ს ბაზაზე შეიქმნა 2016 წელს.
აკადემიის მიზანია კერძო სექტორის წარმომადგენლების განვითარება და მათი კომპეტენციის ამაღლება საგადასახადო ადმინისტრირების, ფინანსური და საგადასახადო აუდიტის, ასევე ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების მიმართულებებით.