მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მსგავსად, დასაქმება საქართველოშიც კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. კერძო სექტორი, თავის მხრივ, აქტიურად არის ჩართული დასაქმების პოლიტიკის ფორმირებაში. Nexia TA-ც მუდმივად ავითარებს კომპანიის დასაქმების პოლიტიკას და ცდილობს, ქსელის გაფართოების პარალელურად, შექმნას სამუშაო ადგილები და მოიძიოს ახალი ტალანტები.
შერჩევის პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს გასაუბრების პროცესი. რა უნდა გაითვალისწინოს გასაუბრებაზე მისულმა კანდიდატმა, გაეცანით Nexia TA-ის ადამიანური რესურსების მენეჯერის – ელენე სმაგლიუკის რეკომენდაციებს.
მოდით, ეს რთული თემატიკა ცოტა სახალისო კითხვით დავიწყოთ: ადრე, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებს „კეთილდღეობის მდივნები“ ერქვათ. როგორ ფიქრობთ, როგორია დღეს HR-ის როლი კომპანიებში?
წლების წინ, HR-ის საქმიანობა კომპანიისთვის იყო დამხმარე ძალა, რომელიც ახალი თანამშრომლების შერჩევის პროცესს წარმართავდა, ორგანიზებას გაუწევდა გასაუბრებებს და კანდიდატების პროფესიული უნარ-ჩვევების მინიმალურ დონეზე იდენტიფიცირებას შეძლებდა.
დღემდე, ჩვენს აღქმაში, გარკვეულწილად, HR-ის ეს სახეა შემორჩენილი. ჯერ კიდევ ბევრისთვის HR-ი არის ადამიანი, რომელიც კანდიდატს გასაუბრებაზე ფსიქოლოგის „დაჟინებული მზერით“ დააკვირდება და შეძლებს მისი უნარების იდენტიფიცირებას. სინამდვილეში, ეს ასე არ არის.
წლების განმავლობაში, ჩვენმა პროფესიამ გარდატეხა განიცადა, გაფართოვდა და განვითარდა. გაჩნდა სხვადასხვა მიმართულება: ადმინისტრირების, ორგანიზაციული განვითარების, HR-ის, როგორც ბიზნესპარტნიორის და ა.შ. HR-ის მიმართულება განათლების კუთხითაც საკმაოდ შეიცვალა: თუ ადრე HR-ებად მხოლოდ ფსიქოლოგები მოიაზრებოდნენ, ახლა სხვა ტენდენციაა, – ის უნდა ერკვეოდეს, თითქმის, ყველა სფეროში, ყველა მიმართულებაში, ბიზნესისა და კომპანიის სტრუქტურას უნდა აღიქვამდეს, ვინაიდან კომპანია ერთი მთლიანობაა და ადამიანური რესურსების მენეჯერი მხოლოდ თანამშრომლის შერჩევის პროცესზე არ უნდა იყოს ორიენტირებული.
ჩვენი მოვალეობა, როგორც პირველი გასაუბრების დროს, ასევე თანამშრომლობის შემდგომ პერიოდშიც არის ის, რომ ადამიანს შევუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო გულწრფელობითვის, გახსნისთვის, დავეხმაროთ საკუთარი თავის საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.
მე ვიტყოდი, რომ ჩვენს პროფესიას ადამიანური რესურსის „მართვაზე“ მეტად, ადამიანური რესურსის აღმოჩენა, დანახვა და სწორი მიმართულების მიცემა უნდა შეეძლოს. ხშირად, შეიძლება ისეთი თვისებები დავინახოთ ადამიანში, რაზეც მას აქამდე არც უფიქრია და შევთავაზოთ სრულიად ახალი მიმართულება და ახალი გამოწვევა. ბევრ ადამიანს რესურსი აქვს და გამბედაობა აკლია. სწორედ, ამ გამბედაობისა და სტიმულის მიმცემი უნდა იყოს HR-ი თანამშრომლებისთვის. ამიტომ არის საჭირო, რომ ის კარგად იცნობდეს თანამშრომლებს და ყოველთვის ხელი ედოს კომპანიის პულსაციაზე.
არსებობს შერჩევის პროცესის ზოგადი პრინციპები, თუმცა ყველა კომპანიას აქვს საკუთარი მიდგომა და კრიტერიუმი. რა პრინციპით არჩევს Nexia ახალ თანამშრომლებს?
Nexia-სთვის ძირითადი მამოძრავებელი ძალა არის ადამიანური კაპიტალი. თუ ჩვენ არ გვეყოლება კვალიფიციური და მოტივირებული თანამშრომლები, Nexia-ს ფუნქციონირება შეფერხდება.
გასაუბრებაზე მოსულ კანდიდატებს ხშირად ვეკითხებით: რა არის ის სიტყვა, რომელიც ჩვენს კომპანიაზე ახსენდებათ და გვიხარია, რომ უმეტესად, ეს არის – „განვითარება“. ჩვენთვის უპირატესია მოტივირეუბლი, განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული ადამიანები და არა მხოლოდ პროფესიული კუთხით, არამედ პიროვნულადაც. კომპანიაში, სადაც 250 პროფესიონალია დასაქმებული, ბუნებრივია, რომ ადამიანური ურთიერთობები პიროვნულადაც გზრდის და პროფესიულადაც. გარდა ამისა, რეგულარული ტრენინგებით Nexia უზრუნველყოფს თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. ამიტომ, შერჩევის პროცესში ყურადღება ექცევა, რამდენად მოტივირებულია ადამიანი, რომ თავისი დრო, რესურსი და ცოდნა განვითარებისთვის გამოიყენოს.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან გასაუბრებას აუცილებლად ესწრებიან მიმართულების ხელმძღვანელები. HR-ი ამ შემთხვევაშიც, არის მედიატორი მათსა და კანდიდატს შორის. ჩემი მიზანია ადამიანს შევუქმნა გარემო, სადაც ის მაქსიმალურად გამოავლენს თავს. ვცდილობ, ჩვენთან მოსულ კანდიდატებს დავეხმარო ისეთი კითხვების დასმით, რომელზე პასუხითაც ისინი მიმართულების მენეჯერების წინაშე საკუთარ ცოდნას წარმოაჩენენ.
რას ურჩევდით ადამიანს, რომელიც დასაქმებას ცდილობს ან ახალ სამსახურს ეძებს?
ვურჩევდი, რომ გაანალიზოს ყველა გასაუბრება რომელზეც ნამყოფია და მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები გაიაზროს. ეცადოს, მიიღოს გასაუბრების უკუკავშირი. „ნექსიას“ HR-ები ჩვენი დროითი რესურსიდან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, დავაბრუნოთ უკუკავშირი კანდიდატებთან, ვინაიდან ვიცით, ეს რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ შეიძლება დაეხმაროს მათ მომავალში. ჩვენთან ყოფილა შემთხვევები, როდესაც გასაუბრების დასრულებისთანავე მიგვიცია კანდიდატისთვის უკუკავშირი. ამიტომ, Nexia-ში გასაუბრება ყოველთვის არის რაღაც ახლის მომტანი და არა – გასაუბრება გასაუბრებისთვის.
რა უნდა გაითვალისწინოს სამსახურის მაძიებელმა?
ვფიქრობ, გასაუბრება არ არის აბსოლუტური მექანიზმი, რომლითაც შეიძლება ადამიანზე ყველაფერი დაადგინო. გასაუბრებაზე უბრალოდ შეიძლება მიხვდე, რამდენად არის ეს ადამიანი შენი კომპანიისთვის შესაფერისი თავისი ხედვებით თუ იდეოლოგიით. ეს ყველაფერი იმ შეგრძნების დონეზეა, რომელიც, ალბათ, HR-ს, გამოცდილებიდან გამომდინარე, მეტად აქვს გამომუშავებული.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გასაუბრებაზე მოსული ადამიანის განწყობას. ამიტომ, გვქონია შემთხვევა, რომ პირველი გასაუბრება არც ისე წარმატებული ყოფილა, თუმცა დაგვინახავს იმ ადამიანში პოტენციალი, მეორე ეტაპზეც მოგვიწვევია და ყველაფერი იდეალურად გამოსვლია. ვფიქრობთ, ადამიანს შანსი ყოველთვის უნდა მისცე. ფსიქოლოგიაში არსებობს უამრავი ტესტი, რომელიც დღის სხვადასხვა მონაკვეთში რომ შეავსო, შედეგებიც განსხვავებული იქნება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი, გასაუბრებაზე მოსულ ადამიანებს დახვდეთ გარემო, რომელშიც მაქსიმალურად გაიხსნებიან და თავის გამოხატვის საშუალება მიეცემათ.
რაც შეეხება შეცდომებს, როგორც წესი, გასაუბრების დროს ძალიან ნერვიულობენ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ამ სამსახურის დაწყება ძალიან უნდათ. ნერვიულობას სხვა ფაქტორებთან ერთად, იწვევს გასაუბრების გამოცდილების არქონაც. ამიტომ, ყველას ვურჩევ, რომ არ დაინანოს თავისი დრო გასაუბრებებზე მისასვლელად. ეს დაეხმარებათ სუსტი და ძლიერი მხარეების გაანალიზებაში, პრეზენტაციის უნარების გაუმჯობესებასა და საკუთარი თავის რწმენის გამყარებაში.
გასაუბრებამდე, აუცილებლად გაეცანით კომპანიის შესახებ ინფორმაციას. შთაბეჭდილებას ვერ მოახდენთ, თუ პირველივე კავშირს მოუმზადებელი შეხვდებით. კარგად დაუფიქრდით, რას ითხოვენ ამ პოზიციაზე და დააკავშირეთ თქვენს გამოცდილებასთან. ხაზი გაუსვით იმ თვისებებს, რომელიც ამ პოზიციისათვის აუცილებელია. მოუსმინეთ, როგორ საუბრობს ინტერვიუერი – ოფიციალურად თუ მეგობრულად და ეცადეთ, თქვენც მის ფორმატს მოერგოთ. ისაუბრეთ გაბედულად და გასაგებად. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება ორმხრივი პროცესია და კანდიდატებსაც აქვთ შეკითვების დასმის უფლება. ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ დამსაქმებელს ისევე სჭირდებით თქვენ, როგორც თქვენ ახალი სამსახური.
შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ კანდიდატები, ასევე, არის ის, რომ ხშირად, ურჩევნიათ პასუხი საერთოდ არ გაგცენ, ვიდრე არასწორად გიპასუხონ. თუ გეკითხებიან რაიმე კონკრეტულ გამოცდილებაზე, რომელიც არ გაქვთ, შეგიძლიათ, თქვენი ხედვა, ლოგიკა, შეხედულებები მოიშველიოთ და ისე გასცეთ პასუხი. ყოველთვის გქონდეთ ალტერნატივად პასუხები შემდეგ კითხვებზე: „თქვენ როგორ გააკეთებდით“, „თქვენ როგორ გგონიათ სწორი“ და ა. შ. ზოგჯერ, ისიც საკმარისია, რომ ინტერვიუერს თქვენი ლოგიკური აზროვნება და ანალიტიკური უნარები დაანახოთ. ამიტომ, იყავით თავისუფლად საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებაში.