იურიდიული მომსახურება
Nexia TA-ს იურიდიული მიმართულების პროფესიონალთა ჯგუფი გამოირჩევა სხვადასხვა იურისდიქციის კლიენტებთან მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილებით. სწრაფად ცვალებად საკანონმდებლო გარემოში ბიზნეს რისკების თავიდან ასაცილებლად და თქვენი კომპანიის ყველა ინტერესის გასათვალისწინებლად ჩვენი იურისტები მჭიდროდ თანამშრომლობენ Nexia TA-ს აუდიტორებთან, საგადასახადო მრჩევლებთან და ბიზნეს კონსულტანტებთან.
ჩვენი გამოცდილი და ორგანიზებული იურისტების ჯგუფი ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:
- პროფესიული ქცევის პრინციპების ერთგულება, კლიენტის საკითხების კონფიდენციალურობა და ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა;
- ინდუსტრიის და საქმიანობის სიღრმისეული შესწავლა, რომელშიც ჩვენი კლიენტი კომპანიები ოპერირებენ კონკრეტული ბიზნეს მიზნების მიღწევის ხელშეწყობისთვის;
- კლიენტების ინტერესების წარმოდგენა ფაქტობრივი საკითხების აქტიური ანალიზით, ასევე ექსპერტების მუშაობის კოორდინაციით კლიენტებთან დაკავშირებულ სხვადასხვა შემთხვევებში;
- გუნდური მუშაობა, ინოვაციური მიდგომა, კომფორტული გარემო და საერთაშორისო კლასის სამართლებრივი დახმარება უზრუნველყოფს ჩვენ წარმატებას ქართულ სამართლებრივ სივრცეში.
იურიდიული აუდიტი
Nexia TA-ს იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ თქვენს კომპანიაში გაფორმებული ყველა ხელშეკრულების, სადამფუძნებლო დოკუმენტების, შიდა ბრძანებების, პარტნიორთა გადაწყვეტილებების, შინაგანაწესის და სხვა სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების შემოწმებას. ჩვენ შევამოწმებთ თქვენი კომპანიის საქმიანობის შესაბამისობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან, კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონთან, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონთან, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან და სხვა საკანონმდებლო აქტებთან. მომსახურება მოიცავს რეკომენდაციების გაწევას თქვენი იურიდიული სამსახურისათვის/იურისტისთვის სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, შიდა რეგულაციების შემუშავებას ან/და რეკომენდაციების გაწევას ბიზნეს პროცესების შეცვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით თქვენ შეძლებთ თქვენი იურიდიული სამსახურის/იურისტის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, მისი მუშაობის ხარისხის შემოწმებას, ასევე, მნიშვნელოვნად შეამცირებთ ფულადი დანაკარგების რისკებს.
იურიდიული კონსულტაცია
Nexia TA გთავაზობთ იურიდიულ კონსულტაციას სამართლებრივ საკითხებთან და საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით შეუძლიათ ისარგებლონ როგორც დამოუკიდებლმა იურისტებმა, ასევე იურიდიულმა სამსახურებმაც, კერძოდ, Nexia TA-ს შეუძლია გაუწიოს მათ ერთჯერადი, კვალიფიციური წერილობითი ან ზეპირი კონსულტაცია რთულ იურიდიულ კაზუსებთან დაკავშირებით, ქართული კანონმდებლობის, ქართული სასამართლო პრაქტიკის და იურიდიული დოქტრინის საფუძველზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნების პრაქტიკის ან/და იურიდიული დოქტრინის საფუძველზე. იურიდიულ სამსახურებს შეუძლიათ გამოიყენონ ჩვენი კონსულტაცია ჩვენს მიერ მოძიებულ მასალებთან ერთად სასამართლო დავებში, საარბიტრაჟო დავებში, ხელშეკრულების შაბლონების დამუშავებისას და ა.შ.
მუდმივი წარმომადგენლის გაგზავნა თქვენს ოფისში
თუ ფიქრობთ, რომ ოფისში მუდმივად გესაჭიროებათ კვალიფიციური იურისტი, რომელიც თქვენს მაგივრად მოაგვარებს ნებისმიერ იურიდიულ ფორმალობას, Nexia TA-ს იურიდიულ სამსახურს შეუძლია დაგეხმაროთ აღნიშნული საკითხის მოგვარებაში და უზრუნველყოს მუდმივი წარმომადგენელი. Nexia TA უზრუნველყოფს თქვენთან გამოგზავნილი კადრის მომზადებას და პერიოდულ გადამზადებას, მხარდაჭერის გაწევას სხვადასხვა რთულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მისი საქმიანობის პერიოდულ კონტროლს, ასევე, მისთვის ინფორმაციის მიწოდებას საკანონმდებლო სიახლეებთან დაკავშირებით. შედეგად, თქვენ დარწმუნებული იქნებით თქვენი იურისტის მაღალ კვალიფიკაციასა და მისი შესრულებული სამუშაოს მაღალ ხარისხში.
სამართლებრივი მომსახურება სამშენებლო სფეროში
აღნიშნული სერვისით შესაძლებელია ისარგებლოს, როგორც სამშენებლო კომპანიებმა, ისე სხვა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა. NEXIA TA გთავაზობთ სამართლებრივ მხარდაჭერას სამშენებლო სფეროში, რაც თავის მხრივ მოიცავს, როგორც მშენებლობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებების მომზადებას, ისე მშენებლობის ნებართვის სამივე სტადიაზე შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისთვის აუცილებელი იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფას. გარდა აღნიშნულისა, ჩვენი იურისტების დახმარებით შესაძლებელია უნებართვოდ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა, 2007 წლის 1 იანვრამდე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების ლეგალიზება, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვება, მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონის ცვლილებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მშენებლობის ან მისი ნაწილის ექსპლუატაციაში მიღება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისთვის მიწის ნაკვეთის წითელი ხაზების დარეგისტრირება. ჩვენი გუნდის მიერ წარმატებით დასრულებულ იქნა ისეთი სადავო საქმეები, რომლებიც ეხება სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს მიერ გამოცემული ჯარიმის ბათილად ცნობას, გაუქმებული (ძალადაკარგულად გამოცხადებული ან ბათილად ცნობილი) მშენებლობის ნებართვის აღდგენას, უკანონოდ გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობას და სხვა.
იურიდიული დახმარება შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში
შრომითი უფლებების დაცვას საქართველოში ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა. გაიზარდა სასამართლოში დასაქმებულების მხრიდან შრომით-სამართლებრივი დავები. შრომის სამართლისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა ნებისმიერი კომპანიისათვის შესაძლოა დიდი ფინანსური ზარალის მიზეზი გახდეს, ხოლო რიგ შემთხვევებში, შესაძლოა დადგეს ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხიც. Nexia TA გთავაზობთ შრომითი ხელშეკრულებების მომზადებას, შრომის შინაგანაწესის მომზადებას, რეკომენდაციებს დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებით, დასაქმებულთან დავის შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვას სასამართლოში, რეკომენდაციების გაწევას თქვენ ორგანიზაციაში შრომის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით, რეკომენდაციების გაწევას თანამშრომლების მხრიდან თქვენ კომპანიაში არსებული კომერციული ღირებულების მქონე ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფასთან, კონკურენტების მხრიდან თქვენი კადრების გადაბირების შეზღუდვასთან და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე.
საწარმოს რეგისტრაცია, იურიდიული პირის წესდების შედგენა
თუ აპირებთ ბიზნესის დაწყებას საქართველოში და არ გაქვთ დრო იმისათვის, რომ თავად გაერკვეთ კომერციული იურიდიული პირების რეგისტრაციის პროცედურებში, ასევე, თუ ბიზნესს იწყებთ პარტნიორთან/პარტნიორებთან ერთად და გსურთ, რომ თქვენ შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმება დეტალურად იქნეს აღწერილი წესდებაში ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა რისკი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ბიზნესის წარმოების დროს, Nexia TA-ს იურისტები დაგეხმარებიან აღნიშნული საკითხების მოგვარებაში.
მნიშვნელოვანი გარიგებების მხარდაჭერა
აღნიშნული სერვისით შეგიძლიათ ისარგებლოთ, თუ აპირებთ მნიშვნელოვანი გარიგების დადებას, თუმცა არ გჭირდებათ განგრძობადი იურიდიული მომსახურება. მაგალითად, თუ ყიდულობთ ან ყიდით უძრავ ქონებას, იწყებთ ბიზნესს, აპირებთ იურიდიული პირის რეგისტრაციას, იწყებთ მშენებლობას და გსურთ იყოთ დაცული სამართლებრივი მექანიზმებით, Nexia TA-ს შეუძლია გაგიწიოთ ერთჯერადი იურიდიული დახმარება თქვენთვის სასურველ ოპერაციაში.
ვალების სწრაფი და ეფექტური ამოღების სისტემის დანერგვა
ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას წარმოადგენს კონტრაგენტების მხრიდან ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობა. ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე, საკმარისი წინდახედულობის გამოჩენის გარეშე, შესაძლოა პრობლემური ვალების იძულებით (სასამართლოში მიმართვისა და იძულებითი აღსრულების გზით) ამოღება შეუძლებელიც კი აღმოჩნდეს. თანხის ამოსაღებად, კომპანიები წლების განმავლობაში აწარმოებენ დავებს სასამართლოში, ხარჯავენ დამატებით თანხებს სახელმწიფო ბაჟისა და იურიდიული მომსახურებისათვის, ხოლო შემდეგ, აღსრულების ეტაპზე, კუთვნილ თანხას მაინც ვერ იღებენ. ამის გამო, ზოგიერთი კომპანია წინასწარი ანგარიშსწორების გარეშე საერთოდ უარს აცხადებს პარტნიორებთან ურთიერთობის დაწყებაზე, რითიც ამცირებს საქონლის/მომსახურების რეალიზაციას და უმცირდება მოგებაც. ზოგიერთი კომპანია, კონტრაგენტების კეთილსინდისიერების იმედზე, ადამიანური ფაქტორების გათვალისწინებით ცდილობს ბიზნესის წარმოებას, თუმცა, როგორც წესი, აღნიშნული მეთოდიც არ ამართლებს და შესაძლოა კომპანია გაკოტრებამდეც კი მიიყვანოს.
Nexia TA გთავაზობთ ისეთი სისტემის დანერგვას, რომელიც საგრძნობლად შეგიმცირებთ ფულად დანაკარგებს და შესაძლებელს გახდის გაზარდოთ გაყიდვები მინიმალური რისკების ხარჯზე. აღნიშნულს ჩვენ მივაღწევთ ხელშეკრულების შაბლონების შექმნის, ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ვალდებულებების უზრუნველყოფის, დავის გადაწყვეტის გზების გამარტივების, შიდა რეგულაციების შექმნისა და შიდა კონტროლის მექანიზმების დანერგვის საშუალებით. შედეგად, თქვენ შეძლებთ საგრძნობლად შეამციროთ დრო ვალის გაპრობლემებიდან იძულებითი აღსრულების დაწყებამდე და შემდეგ რეალურად მიიღოთ კუთვნილი თანხა. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სისტემა მოიცავს, როგორც კონტრაგენტებთან იურიდიული ფორმალობების მოგვარებას (ხელშეკრულებების გაფორმება და ა.შ.), ასევე რისკების მართვის ელემენტებსა და სხვა არაიურიდიული შინაარსის მოქმედებებსაც, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას.
პრობლემური აქტივების დამუშავება/მართვა, წარმომადგენლობა სასამართლოსა და არბიტრაჟში
Nexia TA გთავაზობთ პრობლემური აქტივების დამუშავებას, რაც გულისხმობს რეკომენდაციების გაწევას, თუ რამდენად შეძლებთ საქმის მოგებას სასამართლოში ან/და რამდენად შეძლებთ თანხის ამოღებას მოვალისაგან იძულებითი აღსრულებისას. თუ აშკარაა, რომ სასამართლოში ვერ დადგება თქვენთვის სასურველი შედეგი, ან/და იძულებითი აღსრულებისას ვერ მოახერხებთ მოვალისგან თანხის დაბრუნებას, თქვენ დავის დაწყებამდე გეცოდინებათ აღნიშნულის შესახებ და აღარ დახარჯავთ ზედმეტ დროს და თანხებს. ასევე გთავაზობთ პრობლემური აქტივების მართვის მომსახურებას, რაც გულისხმობს კომუნიკაციას თქვენს მოვალეებთან, მოლაპარაკების წარმოებას ვალის დაფარვასთან დაკავშირებით, მოვალეების ქონებრივი მდგომარეობის პერიოდულ გადამოწმებას და რეკომენდაციების გაწევას პრობლემურ აქტივებზე მუშაობის მეთოდთან დაკავშირებით. აღნიშნული სერვისით სარგებლობა საშუალებას მოგცემთ მინიმალური დანახარჯების ფასად მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგს პრობლემური ვალების ამოღების კუთხით. Nexia TA ასევე გთავაზობთ წარმომადგენლობას სასამართლოში და არბიტრაჟში, როგორც პრობლემური ვალების ამოღების მიზნით, ასევე ნებისმიერ სხვა ქონებრივ თუ არაქონებრივ დავაზე, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში.
ლობისტური მომსახურება
ხშირია შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ვლინდება სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევის ფაქტი. ასეთ დროს Nexia TA-ს იურიდიული ჯგუფი გთავაზობთ ლობისტურ მომსახურებას, რომლის მიზანია ბიზნესის დარღვეული უფლებების აღდგენა. ლობისტური მომსახურების დროს ჩვენი ჯგუფი ახორციელებს პრობლემის სამართლებრივ ანალიზს, მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ბიზნეს ომბუცმენის აპარატთან, გეგმავს სტრატეგიულ მოლაპარაკებას სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან და საჯარო მოლაპარაკების გზით, სასამართლო დავამდე მიუსვლელად ახორციელებს პრობლემის აღმოფხვრას. დღევანდელი მდგომარეობით Nexia TA-ს იურიდიულ ჯგუფს არაერთი წარმატებული ლობისტური მომსახურება გაუწევია სხვადასხვა ბიზნესისათვის.
კონტრაგენტებისაგან მიღებული ხელშეკრულებების დამუშავება
ნებისმიერ კომპანიას უწევს ხელშეკრულების გაფორმება კონტრაგენტების შაბლონის მიხედვით, მაგალითად, ბანკში სესხის აღებისას, სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას და ა.შ. როგორც წესი, მსხვილი კომპანიების ხელშეკრულებების შაბლონები საკმაოდ დიდი მოცულობისაა და შეიცავს ბევრ ჩანაწერს, რომლებიც შესაძლოა იურიდიული განათლების არმქონე ადამიანისათვის გაუგებარი იყოს. Nexia TA გთავაზობთ მომსახურებას, რომელიც მოიცავს გასაფორმებელი ხელშეკრულებების დამუშავებას, რეკომენდაციების გაწევას მასში ცვლილებების/დამატებების შეტანის თაობაზე, ცვლილებების ტექსტის მომზადებას, მოლაპარაკების წარმოებას კონტრაგენტის წარმომადგენლებთან. შედეგად, ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას დარწმუნებული იქნებით, რომ ხელშეკრულების ტექსტი ზუსტად შეესაბამება თქვენს სიტყვიერ შეთანხმებას კონტრაგენტთან, ხელშეკრულება არ შეიცავს ისეთ პუნქტებს, რომელიც თქვენთვის უცნობია ან/და გაკისრებთ არასასურველ ვალდებულებებს.
ხელშეკრულების შაბლონების მომზადება და მათი შემდგომი დამუშავება
ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს ოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება. ურთიერთობის დაწყების ეტაპზე, ხელშეკრულების გაფორმების დაყოვნებამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ან/და პარტნიორის დაკარგვა, ხოლო ხელშეკრულების გარეშე ურთიერთობის დაწყებამ შესაძლოა დაგტოვოთ მხოლოდ პარტნიორების/კლიენტების კეთილსინდისიერების იმედზე და საჭიროების შემთხვევაში ვეღარ შეძლოთ დაიცვათ თქვენი უფლებები იძულებითი მექანიზმების მეშვეობით. შედეგად, თქვენი ბიზნესი დაკარგავს შემოსავალს. იმისათვის, რომ იურიდიული ფორმალობების მოგვარებამ მინიმალურად იმოქმედოს თქვენს ბიზნესზე, აუცილებელია გქონდეთ წინასწარ მომზადებული ხელშეკრულებების შაბლონები, სადაც მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული თქვენი ყველა მოთხოვნა და მაქსიმალურად იქნებით დაზღვეულნი შესაძლო რისკებისგან. ხელშეკრულების შაბლონების წინასწარ მომზადებით, თქვენ შეძლებთ პარტნიორებთან ბიზნეს ოპერაციების სწრაფად და უსაფრთხოდ დაწყებას და განხორციელებას. რა თქმა უნდა, ხელშეკრულებაში შეუძლებელია ყველა წვრილმანის გათვალისწინება. დროთა განმავლობაში, შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა პრობლემებმა, რომელიც შაბლონების მომზადების ეტაპზე არ ყოფილა გათვალისწინებული, ან კანონმდებლობაში განხორციელდეს ცვლილებები. შესაბამისად, მომზადებული შაბლონები საჭიროებს მუდმივ დამუშავებას და გაუმჯობესებას. ჩვენი კომპანია გთავაზობთ შაბლონების მომზადებისა და მათი პერიოდული დამუშავების მომსახურებას.
იურიდიული მხარდაჭერა სისხლის სამართლის სფეროში
სერვისი გულისხმობს ეკონომიკურ, სამეწარმეო, ფინანსურ, საგადასახადო და ფულად საკრედიტო სისტემის სფეროში სისხლის სამართლის საქმეებზე იურიდიულ მხარდაჭერას. ქართული სამართლის ბუნდოვანი რეგულაციის წყალობით, ხშირად საგამოძიებო ორგანოებს უჭირთ ზღვრის გავლება სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ ურთიერთობასა და სისხლის სამართლით მოწესრიგებულ სფეროს შორის. ამის გამო მთელ რიგ შემთხვევებში უსაფუძვლოდ იწყება გამოძიება, რომლის სათანადო რეაგირების გარეშე დატოვება იწვევს გამოძიების პროცესის დროში უსასრულოდ გაჭიანურებას. კომპანიის ან მისი თანამშრომლის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე კი ხელს უშლის კომპანიას ეკონომიკური საქმიანობის განხორცილებაში. სწორედ ამიტომ, Nexia TA-ს იურიდიული გუნდი გთავაზობთ მომსახურების სრულ პაკეტს. ჩვენთან, კლიენტს არ სჭირდება სამართლის სხვადასხვა სფეროს იურისტების მოძებნა ამა თუ იმ კონკრეტულ საქმეზე დადებითი შედეგის მისაღებად. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კომპეტენციის მქონე პროფესიონალებით სამართლის ნებისმიერი მიმართულებით, შესაბამისად, გუნდი ერთი კონკრეტული საქმისთვის დაქირავებულ იურისტზე გაცილებით უკეთ აცნობიერებს კომპანიის საჭიროებებს. ამ პრინციპის წყალობით ჩვენი გუნდის მიერ წარმატებით დასრულებულ იქნა არაერთი სადავო საქმე.
იურიდული მხარდაჭერა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წარმოებისას
ეკონომიკური საქმიანობის განხორცილების პროცესში პრაქტიკულად შეუძლებელია კომპანიამ სრულად აირიდოს თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოება. ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში, ზოგ შემთხვევებში კომპანიას კანონის დარღვევით ეკისრება ჯარიმის გადახდა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ, რადგან მხოლოდ კონკრეტული საქმის წარმოებისთვის ადვოკატის აყვანა უმეტეს შემთხვევაში არარენტაბელურია. სწორედ ამიტომ Nexia TA-ს იურიდიულ გუნდს აქვს ამბიცია და შესაძლებლობა სრულად მოიცვას სამართლის ის სფეროები, რომლებთანაც ჩვენს კლიენტ კომპანიებს აქვთ შეხება. ჩვენი მიზანია, ერთი ფანჯრის პრინციპის გათვალისწინებით, კლიენტმა მიიღოს სრული იურიდიული მხარდაჭერა თავისი საქმიანობის განმავლობაში და მეტი კომფორტისთვის შევთავაზოთ იურიდიული მომსახურების სრული სპექტრი. ჩვენი პრაქტიკის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში იურისტის ჩართვისას არაერთი ისეთი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმება მომხდარა, სადაც კლიენტი კომპანია მზად იყო გადაეხადა უკანონოდ დაკისრებული ჯარიმა.