თიბისის ორგანიზებითა და ფონდი EFSE-ს მხარდაჭერით, რეგიონული ბიზნესფორუმები გრძელდება. აჭარისა და იმერეთის შემდეგ, ფორუმის მონაწილეები ამჯერად კახეთში შეიკრიბნენ.
ბიზნესფორუმში მონაწილეობა იმ მცირე და საშულო მეწარმეებმა მიიღეს, რომლებიც კახეთის რეგიონში საქმიანობენ.
ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას ბიზნესისთვის აქტუალურ საკითხებზე ინფორმაცია დარგის ექსპერტებმა მიაწოდეს. 9 სპიკერი თიბისის ბიზნესკლიენტების წინაშე სხვადასხვა აქტუალური თემით წარდგა. სესია თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილემ – ნიკოლოზ ქურდიანმა გახსნა და მან ბიზნესში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა – რატომ უნდა გახდეს ყველა ბიზნესი ციფრული და რა როლი აქვს მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში.
მცირე მეწარმის წინაშე არსებულ გამოწვევებზე NEXIA TA-ს მმართველმა პარტნიორმა გელა მღებრიშვილმა ისაუბრა; ვორქშოპების დასრულების შემდეგ ფორუმის მონაწილეებს ერთმანეთის და მოწვეული სპიკერების უკეთ გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ბიზნესფორუმი აჭარისა, იმერეთის და კახეთის შემდეგ საქართველოს სხვა რეგიონებში ჩატარდება.