2019 წლის 1 ოქტომბრამდე, მე-3 კატეგორიის საწარმოებს წელს პირველად მოუწიათ ფინანსური ანგარიშების წარდგენა, ხოლო მე-4 კატეგორიის საწარმოებს, ეს ვადა 2021 წლის 1 ოქტომბრამდე გაუხანგრძლივდათ. კანონის გამოქვეყნებიდან დღემდე, Nexia TA-მ უკვე უზრუნველყო 200-მდე საწარმოს ფინანსური ანგარიშგება. მომართვიანობა, როგორც მოსალოდნელი იყო განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბრის პერიოდში გაიზარდა.
კომპანიებში აღრიცხვის საერთაშორისო სტანდატების დანერგვა, სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება, შიდა პროცესებისა და პროცედურების გაწერა – ესა არის მინიმუმი, რომელიც მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა აუცილებლად უნდა შეასრულონ, რათა სამომავლოდ ფინანსური ანგარიშგების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად მომზადება არ გაუჭირდეთ.
„მასობრივი საინფორმაციო შეხვედრების მიუხედავად, როგორც ჩანს ბიზნესი არ აღმოჩნდა მზად ფინანსური ანგარიშგებების წარსადგენად. განსაკუთრებით მე-4 კატეგორიის საწარმოები, რომლებსაც კვლავ სჭირდებათ გარკვეული ვადა ადგილობრივი სტანდარტების შესასწავლად და დასანერგად.
მნიშვნელოვანია ბიზნესმა სწორედ გამოიყენოს გახანგრძლივებული დრო. კომპანიებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ სწორი მონაცემები და სტანდარტის დაცვით მომზადებული ანგარიშგება მათ არსებული ვითარების უკეთ შეფასებაში, ბიზნეს პროცესების ეფექტურ მართვასა და ფინანსური გეგმების შემუშავებაში ეხმარება. ასევე აუმჯობესებს ფინანსურ რესურსებზე წვდომას, უზრუნველყოფს კომპანიის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხს და ზრდის შედეგების სანდოობას.
მოხარული ვართ, რომ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებმა განსაკუთრებით აქტიურად დაიწყეს კანონმდებლობით აღიარებული სტანდარტების დანერგვა, რასაც ჩვენთან ამ კატეგორიის საწარმოების მკვეთრად გაზრდილი მომართვიანობაც ადასტურებს, ეს კი საბოლოოდ ისევ მათი ბიზნესის წარმატებულ საქმიანობაში აისახება.
აქვე ავღნიშნავ, რომ Nexia TA Academy-ის დახმარებით ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ბიზნესთან საინფორმაციო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რათა მათ სამომავლოდ დამოუკიდებლადაც შეძლონ ფინანსური ანგარიშგების მომზადება კანონით გათვალისწინებულ ვადებში”, – Nexia TA-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და რეპორტინგის მენეჯერი ნანო სამყურაშვილი.