საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები ჩინეთში, გვანჯოუს 21 საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის საერთაშორისო გამოფენაზე წარდგნენ.
ნექსია თიეის ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა დაარსდა 2014 წელს და დიდ როლს ასრულებს ჩინეთის პროექტ „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ განხორციელებაში. პროექტი თავის მხრივ ემსახურება გვანჯოუს, როგორც საუკეთესო შესაძლებლობის წარმოჩენას ბიზნესის წარმოების, პარტნიორებისა და კონტაქტების მოსაძიებლად.
წლევანდელი ღონისძიება მოიცავდა ერთ რეგიონულ და 4 პროფესიულ გამოფენას, რომელსაც მთლიანობაში 251 000 დამთვალიერებელი დაესწრო – მათ შორის 31 000 პროფესიონალი მყიდველი.
ნექსია თიეი-ს მმართველმა პარნტნიორებმა გამოფენაზე საქართველო წარმოაჩინეს, როგორც საუკეთესო ადგილი ინვესტიციების განხორციელებისათვის. სტუმრები გაეცნენ საინვესტიციო მიმართულებებს, ხოლო დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ სრული ინფორმაცია კონკრეტული პროექტების შესახებ და დაეგეგმათ სამოქმედო ნაბიჯები საქართველოში ბიზნესის დასაწყებად.
ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები: „მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო ამ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებაში. ჩვენ მოწადინებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ინვესტორი დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით, რადგან ეს მნიშნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკას გრძელვადიან ჭრილში და შექმნის ბევრ ახალ სამუშაო ადგილს. საქართველოთი, როგორც ინვესტიციებისთვის მიმზიდველი ლოკაციით, უკვე ბევრი ბიზნესმენი დაინტერესდა, ხოლო ამჟამად ჩვენ მათთან ერთად ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე“, – აღნიშნეს პარტნიორებმა.
2018 წელს ნექსია თიეი-ს მმართველი პარტნიორები ჩინეთს სამუშაო ვიზიტით უკვე მეორედ სტუმრობდნენ. ამჟამად კომპანია აქტიურად აგრძელებს მოლაპარაკებებს კიდევ უფრო მეტი ინვესტორის მოსაზიდად საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად.