ბლოკჩეინის მიზანია გარდატეხა მოახდინოს ინფრასტრუქტურაში, რომელიც საფუძვლად უდევს ფინანსურ მომსახურებასა და მრავალ სხვა სამრეწველო დარგს, მათ შორის აუდიტორულ და საბუღალტრო პროფესიას.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი აკავშირებს ბლოკჩეინს ციფრულ ვალუტასთან, როგორიცაა ბიტკოინი, მისი პოტენციალის რეალიზება მიმდინარეობს მრავალ სფეროში, მათ შორის ფინანსური მომსახურების, ჯანდაცვის, ქონების, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და მთავრობის სექტორში.
რას წარმოადგენს ბლოკჩეინის ტექნოლოგია?
ბლოკჩეინის ტექნოლოგია არის სისტემა, რომელიც ეფუძნება ბუღალტრული ჩანაწერების განაწილებას – წარმოიდგინეთ აქტივების მონაცემთა ბაზა და ტრანზაქციები, რომლებიც შეიძლება საერთო ქსელში გავაზიაროთ მრავალ კვანძს/რგოლს შორის, სადაც თითოეულ მონაწილეს ექნება საკუთარი ეგზემპლარი, ხოლო ნებისმიერი ცვლილება ყოველ ეგზემპლარში ერთსა და იმავე დროს აისახება.
თითოეული ტრანზაქცია მონაცემების “ბლოკად” იწერება და ყოველ ახალ ბლოკს მიბმული აქვს წინა ბლოკის დაშიფრული ასლი. ბლოკები ერთმანეთს უკავშირდება კრიპტოგრაფიული ხელმოწერების საშუალებით, რათა შეიქმნას აქტივობების “ჯაჭვი” ან ტრანზაქციები, რომლებზეც დაფიქსირებულია დროის მაჩვენებელი, განაწილებულია და დაცულია ცვლილებისგან/ჩარევისგან.
აქედან გამომდინარე, ბლოკჩეინი ქმნის ინფორმაციის მდგრად სისტემას, სადაც გაყალბება ან ჩანაწერების გაუქმება კონკრეტული ქმედების დამალვის მიზნით პრაქტიკულად შეუძლებელია.
ზეგავლენა კომპანიის ოპერაციულ და ფინანსურ გარემოზე
ბლოკჩეინი საშუალებას აძლევს კომპანიებს ერთდროულად მოახდინონ ტრანზაქციის ორივე მხარის ასახვა საზიარო ბუღალტრულ ჩანაწერებში/ანგარიშებზე რეალურ დროში, ნაცვლად იმისა, რომ აწარმოონ ფინანსური ტრანზაქციების შედარების ჩანაწერები ცალ-ცალკე, პირადად მართონ მონაცემთა ბაზები და ანგარიშები. აღნიშნული სისტემა ინვოისების, დოკუმენტაციის, კონტრაქტების, რეესტრების, ინვენტარის/მარაგების სისტემებისა და ბიზნესის გადახდების წარმოების ტრადიციული მეთოდების დამთავრებაა.
ამრიგად, ტრადიციული ბუღალტრული აღრიცხვის – მონაცემების ორმაგი ჩაწერის სისტემის საჭიროება მოძველებული გახდება, რადგან კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მთლიანობისა და შესაბამისობის შემოწმება სრულად იქნება ავტომატიზირებული ბლოკჩეინის საშუალებით.
აღნიშნული სისტემა აუდიტის პროცესშიც დიდ ცვლილებას გამოიწვევს. როგორც ნიქოზიის უნივერსიტეტის (რომელიც არის ლიდერი ბლოკჩეინის სფეროში) აღმასრულებელმა დირექტორმა ანტონის პოლემიტისმა (Antonis Polemitis) განაცხადა: “ბლოკჩეინი საბოლოო ჯამში აუდიტის რევოლუციას მოახდენს. მათ შეუძლიათ უზრუნველყონ მანქანურად წაკითხვადი, მუდმივად-სინქრონიზებული საბუღალტრო ჩანაწერების გაკეთება კონტრაგენტ მხარეებს შორის, რაც გაზრდის გამჭვირვალობას და მოგვცემს მიმდინარე ავტომატური აუდიტის წარმოების საშუალებას. “
ცვლილების ტემპი
არსებობს დიდი სკეპტიციზმი ცვლილების ტემპისა და ძველი სისტემის რღვევის მასშტაბების შესახებ, რასაც ბლოკჩეინი გამოიწვევს.
ბლოკჩეინი უდავოდ შეცვლის ურთიერთობას კომპანიებს, მათ ბუღალტერებსა და აუდიტორებს შორის. მომავალში, ბუღალტრები და აუდიტორები სავარაუდოდ ყურადღებას გაამახვილებენ ისეთ თემებზე, რომლებიც მსჯელობას მოითხოვს, როგორიცაა კომპლექსური გარიგებები/ტრანზაქციები, შიდა კონტროლის მექანიზმები, ანალიტიკა, პროგნოზირება, IT აუდიტი და კონტროლი, შეფასებები და სხვა საკითხები, რომელთა საშუალებითაც ისინი რეალურად დამატებით ღირებულებას შესძენენ ბიზნესს