ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის უახლესი ინსტრუმენტები და ტენდენციები

ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა 2020 წელი. პანდემიამ გავლენა მოახდინა ყველა სფეროზე, შესაბამისად, ორგანიზაციებსაც მოუხდათ ადაპტირება ახალ გარემოსთან. დისტანციურად მუშაობა იქცა ნორმად და მსოფლიო მოსახლეობა გადავიდა ონლაინ რეჟიმზე. აქედან გამომდინარე, უფრო და უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს პროგრამული გადაწყვეტილებებისა და ციფრული ტექნოლოგიები ჩვენ ცხოვრებაში. განსაკუთრებული აქცენტების გადატანა ხდება ისეთ საშუალებებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნეს პროცესების მაქსიმალურად ავტომატიზებას და ხელს შეუწყობენ ისეთი გარემოს ფორმირებას, რომელშიც შესაძლებელი იქნება ორგანიზაციებმა ისევე ეფექტურად იფუნქციონირონ დისტანციურად, როგორც თავიანთ ოფისებში.

მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა მოითხოვს საკმაოდ დიდ ინვესტიციას, შრომით და დროით რესურსებს, პერსპექტივაში გარანტირებულია ბიზნესის ეფექტურობის მნიშვნელოვნად ზრდა, რაც გულისხმობს მოგების  მაქსიმიზაციას, კმაყოფილ თანამშრომლებს და მომხმარებლებს.

ქვემოთ მოცემული ტენდენციები ხაზს უსვამს თანამედროვე ტექნოლოგიების ადგილსა და მნიშვნელობას ბიზნესის განვითარებაში:

ჰიპერ-ავტომატიზაცია

ჰიპერ-ავტომატიზაცია წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც უზრუნველყოფს იმდენი ამოცანის, აქტივობისა და პროცესის ავტომატიზაციას, რამდენიც შესაძლებელია. ტექნიკა აერთიანებს ინტელექტუალური ბიზნეს პროცესების მართვას (IBMP), მანქანურ სწავლებას, ხელოვნურ ინტელექტს (AI) და რობოტული პროცესების ავტომატიზაციას (RPA), რომლებიც იძლევიან საშუალებას გადამუშავდეს ინფორმაცია იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს ოდესმე იყო შესაძლებელი.

RPA ტექნოლოგია უზრუნველყოფს განმეორებადი პროცესების უხარვეზოდ წარმართვას. მაგალითად, სტრუქტურირებული აქტივობები, რომლებიც სრულდება გარკვეულ გამოთვლებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით. თავის მხრივ AI, განსხვავებით რუტინული პროცესებისგან, ცდილობს მიბაძოს ადამიანურ ინტელექტს და შესაბამისად იმოქმედოს. IBMP წარმოადგენს ჰიპერ-ავტომატიზაციის ტექნიკას უნიკალური ბიზნეს პროცესებისთვის, განსაზღვრავს ავტომატიზაციის სტრატეგიას. ჰიპერ-ავტომატიზაციის წარმატებულად მისაღწევად ყველა ეს კომპონენტი ფრთხილად და ზედმიწევნით ზუსტად უნდა შესრულდეს.

ჰიპერ-ავტომატიზაციის მიზანი არ არის ადამიანების ჩანაცვლება, პირიქით მათ  საშუალებას აძლევს კონცენტრირდნენ იმ ამოცანებსა და მიზნებზე, რომელთა შესრულებაც მხოლოდ ადამიანების მიერ არის შესაძლებელი. სწორედ ასე ხდება მაღალი ეფექტურობის მიღწევა და კომპანიის შემოსავლების ზრდა.

ხმით გააქტიურებული ავტომატიზაცია

მართალია ხმით გააქტიურებული ავტომატიზაცია უფრო მარტივი ავტომატიზაციის ტექნიკას წარმოადგენს ვიდრე ჰიპერ-ავტომატიზაცია, თუმცა ის მეტად მოქნილია და ზრდის პროდუქტიულობას სამუშაო გარემოში.  თუ გავითვალისწინებთ, რამდენად განუყრელი ნაწილი გახდა Amazon Alexa და Google Play ოჯახების ცხოვრებაში, გასაკვირი არ იქნება ხმით გააქტიურებული ავტომატიზაციის როლის ზრდა სამუშაო გარემოშიც.

ამ ტექნიკის გამოყენებით ბიზნესს შეუძლია როგორც გაათავისუფლოს თავისი დასაქმებული გარკვეული ფიზიკური აქტივობისგან, ასევე საშუალება მისცეს ერთდროულად რამდენიმე საქმე შეასრულოს. იქნება ეს მცირე აქტივობა (ოთახში განათების ჩართვა/გამორთვა), თუ უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა (მეილის გაგზავნა), ხმით გააქტიურებული ავტომატიზაცია ხელს უწყობს სამუშაო დროითი რესურსის დაზოგვას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ზოგადად ადამიანს შეუძლია ისაუბროს უფრო სწრაფად, ვიდრე აკრიფოს ტექსტი, რაც ადასტურებს ხმით აქტივაციის დადებით შედეგებს მათთვის, ვინც სამუშაოს დიდ ნაწილს სწორედ კომპიუტერის გამოყენებით ასრულებენ.

ხმით გააქტიურებული ავტომატიზაციის ძირითადი უპირატესობებია: მარტივად გამოყენების შესაძლებლობა, მოხერხებულობა და დროის დაზოგვა. მისი გამოყენება კომპლექსურ პროცესებში დღეისთვის განვითარების ადრეულ ეტაპზეა, თუმცა დიდ შესაძლებლობებს გვპირდება რადგან თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივად და სწრაფად განვითარებადი სფეროა.

As-A-Service (ASA) – ავტომატიზაცია ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით

ღრუბლოვან ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ავტომატიზაცია შედეგად გვაძლევს რენტაბელურ, უახლეს პროგრამულ გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის.

მაგალითად, პანდემიის პირობებში ღრუბლოვანი ტექნოლოგიების გამოყენებით ფუნქციონირებადმა Zoom-მა მოახერხა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა. ჩამოტვირთვის სისწრაფის, მინიმალური შეზღუდვების და ნებისმიერი ადგილიდან ხელმისაწვდომობის შედეგად მისი ყოველდღიური მომხმარებლები გახდნენ ადამიანები კერძო და საჯარო სექტორიდან, განათლებისა თუ სხვა სფეროებიდან.

რობოტული პროცესები და ხელოვნური ინტელექტი (AI)

თანამედროვე ტექნოლოგიები აგრძელებს სწრაფად განვითარებას და მომავლის ტექნოლოგიები რეალობის ნაწილი ხდება. რობოტული პროცესები და ხელოვნური ინტელექტი უკვე შემოიჭრა თანამედროვე სამუშაო პროცესებში. გასული ათწლეულების განმავლობაში მეცნიერები და ინვესტორები არ იშურებდნენ ძალისხმევას, მათ ხელთ არსებული საშუალებები გადაექციათ ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყაროდ და მათი წარმატებული საქმიანობის შედეგიც სახეზეა.

მანქანებმა დაიწყეს ალგორითმებისა და დახვეწილი გადაწყვეტილებების შესწავლა. შედეგად, AI იქცა კომპლექსური პროცესების ავტომატიზაციის ინსტრუმენტად. AI გვთავაზობს არა მხოლოდ პროდუქტიულობის ზრდას და პროცესების თანმიმდევრულობის უზრუნველყოფას, არამედ ის ამცირებს შეცდომების ალბათობას და ბიზნესს მეტ დაცულობას სძენს. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არის ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილება.

განმეორებადი ამოცანებისა და სამუშაოების სრული ჩანაცვლება

ნაკლებად მნიშვნელოვანი, განმეორებადი და რუტინული სამუშაოსთვის გადახდილი ანაზღაურება საერთო ჯამში დიდ დანახარჯებს შეადგენს ბიზნესისთვის. თანამედროვე რეალობა კი საშუალებას იძლევა ავტომატიზაციის ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლოს ადამიანები, მათი ყურადღება მიაპყრონ იმ საქმის შესრულებაზე, რომელსაც მხოლოდ ადამიანური მიდგომები უზრუნველყოფს. მაგალითად, ადამიანური რესურსების მენეჯმენტისა და მარკეტინგული გუნდები საჭიროებენ კრიტიკულად და შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებს. ამიტომ, ამ შემთხვევაში მათი ჩანაცვლება მანქანებით შეუძლებელია. დასაქმებულთა ძალისხმევის მიმართვა ამ მნიშვნელოვან საკითხებზე ზრდის არა მარტო მათ კმაყოფილებას, არამედ დამსაქმებელი ორგანიზაციების კმაყოფილებასაც, ასევე მოგებას.

აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, თუ რა სფეროს წარმოადგენს და რამდენად დიდია ბიზნეს ორგანიზაცია, ყურადღების მიმართვა თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისებაზე იძლევა ბევრი ბენეფიტის მიღების გარანტიას მომავლის ჭრილში. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იწვევს გარკვეულ შიშს თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებაში ბიზნესების მფლობელთათვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან საქმიანობის ნაცად, თუმცა მოძველებულ მეთოდებს. იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება და იღებს განათლებას თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით. ასე რომ, მხოლოდ დროის ფაქტორია, მომავლის ხედვა იქცეს რეალობად.