2019

ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2018 წლის მდგომარებით 40 000 ლარს აღემატება, დეკლარაციის წარდგენის ვადა1 ნოემბერს ეწურებათ

ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის ჯამური შემოსავალი 2018 წლის მდგომარეობით 40 000 ლარს აღემატება, ქონებრივი დეკლარაცია 1 ნოემბრამდე უნდა წარადგინონ, ხოლო გადასახადი 15 ნოემბრამდე უნდა გადაიხადონ.

„ქონების გადასახადის ვალდებულება წარმოეშვებათ პირებს: საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კატარღებზე, შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და მსუბუქ ავტომობილებზე“, - Nexia TA-ს საგადასახადო მენეჯერი დავით მამრიკიშვილი.

„ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება სხვადასხვა ოდენობებით: თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარამდეა, საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,05 პროცენტისა და არა უმეტეს 0,2 პროცენტისა, ხოლო 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0,8 და არაუმეტეს 1 პროცენტისა.“

შეგახსენებთ, რომ ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება: ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან; დარიცხული ხელფასი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის; სპეციალური რეჟიმით დაბეგვრას დაქვემდებარებული დასაბეგრი შემოსავლის 25 პროცენტი; დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება მცირე ბიზნესის სპეციალური რეჟიმით დასაბეგრ შემოსავალს.

შემოსავლებში არ შეიტანება: ოჯახის წევრებისაგან მემკვიდრეობით, ჩუქებით ან განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება;

ფიზიკური პირის მიერ (მათ შორის, I რიგის მემკვიდრის მიერ ჯამურად თავისი და მამკვიდრებლის) 2 წელზე მეტი ვადით მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი;

ფიქსირებული გადასახადის გადამხდელისა და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირის მიერ აღნიშნული ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან გათავისუფლებული შემოსავალი; საქართველოს მოქალაქე არარეზიდენტ ფიზიკურ პირთან მიმართებით შემოსავლები განისაზღვრება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. პირი მიწაზე ქონების გადასახადს იხდის საგადასახადო წლის 1-ელი აპრილის მდგომარეობით: მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე; სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

იმ შემთხვევაში თუ ფიზიკური პირის ოჯახის შემოსავალი გადააჭარბებს 40 000 ლარს და ამავდროულად ფიზიკურ პირს გააჩნია დასაბეგრი ქონება და ის არ წარადგენს ქონების გადასახადის დეკლარაციას, აღნიშნული ფაქტის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოვლენისას პირს გადასახდელად დაეკისრება კუთვნილი ძირითადი ქონების გადასახადი და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, რომელიც შეადგენს ძირითადი ქონების გადასახადის თანხის 50 %. ასევე ფიზიკურ პირს დაეკისრება საურავი თანხის გადაუხდელობისათვის, ძირითადი გადასახადის 0.05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

თუ ფიზიკური პირი საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ წარუდგენს ქონების გადასახადის დეკლარაციას მასზე ამოქმედდება შემდეგი სანქციები:

იმ შემთხვევაში თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს არ აღემატება დაჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 5 პროცენტის ოდენობით.

თუ ვადის გადაცილების პერიოდი 2 თვეს აღემატება, დაჯარიმდება ამ დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

ხოლო თუ პირს გააჩნია მხოლოდ შემოსავალი წლიურად 40 000 ლარზე მეტი და ამასთანავე არ უფიქსირდება უძრავ-მოძრავი ქონება, მას ჯარიმა არ დაეკისრება.

თუ ფიზიკური პირის შემოსავალი შემცირდა წინა წელთან შედარებით და აღარ აჭარბებს 40 000 ლარს, მან დეკლარაციის არწარდგენის შესახებ წინასწარ, 1 ნოემბრამდე უნდა აცნობოს საგადასახადო ორგანოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით.

„აქვე აღსანიშნავია რომ, საქართველოს პარლამენტში შეტანილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შეღავათს იმ ფიზიკური პირებისათვის (ოჯახის) რომელთა წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 60 000 ლარს, დღეის მდგომარეობით შეღავათით სარგებლობენ ის ფიზიკური პირები (ოჯახის) რომელთა წლიური დასაბეგრი შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს,“ Nexia TA-ს საგადასახადო მენეჯერი დავით მამრიკიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება 1 ნოემბერს, ხოლო გადასახადის გადახდის ბოლო ვადად 15 ნოემბერია განსაზღვრული.

მაღლა