2018

NEXIA TA - წლის კომპანია საქართველოდან

წლის კომპანია - ეს არის ტიტული, რომელიც 2017 წელს NEXIA TA-მ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე მიიღო, სადაც კომპანიის ქსელის 650-ზე მეტი ოფისი იყო წარმოდგენილი. 100 თანამშრომელი, 300-ზე მეტი კლიენტი, წლიური შემოსავლების 170%-იანი ზრდა, ₾853,000-დან ₾2.3 მილიონის მიღმა - ეს NEXIA TA Georgia-ს 2017 წლის შედეგია რიცხვებში. დღეს ოთხი წლის კომპანია ქართულ ბაზარზე ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების ათეულშია. დამფუძნებლები ხუთ წელიწადში ხუთეულს უმიზნებენ.

“A friendship founded on business is better than a business founded on friendship”, - მსოფლიოს პირველი მილიარდერის, ჯონ როკფელერის, ეს ცნობილი სიტყვები მიტრიალებდა თავში, როცა Nexia TA-ის პარტნიორებთან - გელა მღებრიშვილთან, დავით ლომიძესა და ბორის მეგრელიშვილთან ინტერვიუსთვის ვემზადებოდი, რადგან მათი მეგობრობა უფრო ბევრ წელს ითვლის, ვიდრე - ერთობლივი ბიზნესი. “როკფელერს არ ვეთანხმებით. მეგობრობამ ბიზნესში მეტი კომფორტი მოგვცა”, - ღიმილით მპასუხობენ და როგორც ნამდვილ ბიზნესმენებს სჩვევიათ, საილუსტრაციოდ კონკრეტული რიცხვები მოჰყავთ - თუ 2016 წელს კომპანია Nexia TA-ის პროფესიული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ₾853 000 ლარი იყო, 2017 წელს შემოსავლებმა ₾2.3 მლნ-ს გადააჭარბა და კომპანია, რომელიც ჯერ ოთხი სრული წელიც არაა, რაც ბაზარზეა, ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აუდიტორული კომპანიების რიცხვშია და ეს ყველაფერი არ არის.

2017 წელს Nexia TA-მ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, სან-ფრანცისკოში მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული მიიღო, განსაკუთრებით სწრაფი და ეფექტიანი ზრდისა და განვითარების, ხარისხის კონტროლის წარმატებით გავლის, ქართული ბიზნესის მხარდაჭერის, Nexia-ს ქსელის კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობისა და Nexia Inernational-ის აქტივობებში მაღალი ჩართულობის გამო. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად, წლის საუკეთესო კომპანიის ჯილდოს ქსელის მხოლოდ ერთი კომპანია იღებს და 2017 წელს არჩევანი Nexia TA-ზე გაკეთდა, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კომპანიისთვის, არამედ ზოგადად, ქვეყნის იმიჯისთვის, როგორც იმის ხაზგასმა, რომ მსოფლიოში, აუდიტის სფეროში წლის საუკეთესო კომპანია პირველად გახდა Nexia TA საქართველოდან.

პარტნიორები იხსენებენ, რომ 2014 წელს, როცა Nexia TA გახდა Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში და ბარსელონაში პირველად დაესწრნენ Nexia International-ის ყოველწლიურ სამიტს, სადაც გერმანიის ოფისმა მიიღო წლის კომპანიის ჯილდო, სწორედ მაშინ დაისახეს მიზნად, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში ეს ჯილდო საქართველოშიც წამოეღოთ, მაგრამ ასე მალე თუ დადგებოდა ეს დღე, არც თავად ელოდნენ. 

რა შესაძლებლობას აძლევს Nexia TA-ს მსგავსი აღიარება და როგორ ფიქრობთ, რატომ შეაჩერა Nexia International-ის მენეჯმენტმა არჩევანი თქვენზე?

დავით ლომიძე: ხარისხი და სწრაფი ზრდა - ალბათ ეს ორი ფაქტორი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი. 2017 წლის ბოლოს ლონდონის სათავო ოფისიდან წარმატებით გავლილი ხარისხის კონტროლიც მეტყველებს იმაზე, რომ მენეჯმენტის მიზანი მიღწეულია და Nexia TA არის კომპანია, რომელსაც საქართველოში საუკეთესო ხარისხის მომსახურების შეთავაზება შეუძლია მომხმარებლისთვის. შემდეგ ფაქტორად შეგვიძლია დავასახელოთ კომპანიის ზრდის ტემპი - 2016-2017 წლების მონაცემებით, ჩვენ Nexia International-ის ქსელში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია ვიყავით. გარდა ამისა, საქართველოში საბუღალტრო მიმართულებით, მსოფლიო ათეულის კომპანიებში უკვე მეორე პოზიციაზე ვართ; ასევე, ქსელის სხვა კომპანიებთანაც ძალიან წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. აქტიურად ვართ ჩართული Nexia-ს საერთაშორისო აქტივობებშიც.

გელა მღებრიშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი, რასაც Nexia International-ი აქცევს ყურადღებას, არის ის, თუ რამდენად შეძლო ადგილობრივმა წარმომადგენლობამ ლოკალურ ბაზარზე Nexia-ს ბრენდის პოპულარიზაცია. ზოგადად, ქსელის მიზანია, ყველა ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი მაღალ დონეზე, მინიმუმ - ათეულში. მარტივი მათემატიკაა - თუ Nexia ყველგან, სადაც არის, წარმატებით ოპერირებს, მაშინ Nexia International-იც წარმატებულია. 2017 წელს ჩვენ გავიმარჯვეთ ინფრასტრუქტურის მშენებელთა და საქართველოს ბიზნესდისტრიბუტორთა ასოციაციების მიერ პარტნიორი აუდიტორული კომპანიის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსებში, სადაც ასევე მსოფლიო ათეულში შემავალი კომპანიები მონაწილეობდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ასოციაციების წევრებმა იციან, რომ Nexia TA სანდო პარტნიორია და არჩევანს ჩვენზე აკეთებენ. ამაზე კონკრეტული რიცხვები მიუთითებს - თუ 2016 წელს ჩვენი კლიენტების რაოდენობა 100-მდე იყო, 2017 წლის ბოლოსთვის პარტნიორი კომპანიების რიცხვი 300-ს აჭარბებდა.

ბორის მეგრელიშვილი:Nexia-ს ქსელში ასეთი პრაქტიკაა - თავიდან, როცა ახალ კომპანიას იღებენ, ანიჭებენ შედარებით დაბალ, B კატეგორიას და მერე ხარისხის კონტროლის გავლისა და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ უკვე გადაჰყავთ მაღალ, A კატეგორიაში. ქართული ოფისის შემთხვევაში, თავიდანვე, 2014 წელს A კატეგორია მოგვანიჭეს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, საერთაშორისო ბრენდები განვითარებად ბაზრებზე შემოსვლისგან თავს იკავებენ ხოლმე, რადგან ხარისხის შენარჩუნება მთავარი გამოწვევაა. ვფიქრობ, მაშინ მენეჯმენტმა ერთგვარი ფსონი დადო ახალგაზრდა, მოტივირებული და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებულ გუნდზე ანუ მომავალზე და არა იმაზე, თუ რა ბრუნვა ჰქონდა კომპანიას მაშინ; და ეს ფსონი 2017 წელს გამართლდა. გულწრფელად გეტყვით, რადგან Nexia International-ის ყოველწლიური სამიტი აშშ-ში იმართებოდა, მოლოდინი გვქონდა, რომ წლის კომპანიის ტიტულს ქსელის რომელიმე ამერიკული კომპანია მიიღებდა; მით უმეტეს, რომ Nexia-ს შემოსავლების 50% სწორედ ამერიკის კონტინენტზე არსებულ ფირმებზე მოდის, მაგრამ შევცდით (იღიმიან). ფაქტობრივად, ეს ჯილდო არის ერთგვარი აღიარება და შეფასება იმ არასრული 4-წლიანი საქმიანობის, რაც ქართულ ბაზარზე ვართ. 650-ზე მეტ ოფისს შორის წლის კომპანიის ტიტული - ესაა ყველაზე დიდი მოტივაცია Nexia TA-ის გუნდისთვის, რომ დავისახოთ ახალი და მასშტაბური მიზნები.

დავით ლომიძე: ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რაც ჯერ ვერ მოახერხა Nexia International-ის ქსელის ვერც ერთმა კომპანიამ - სამივე პარტნიორი ვართ მაქსიმალურად მოწადინებული, რომ 2018 წელსაც ეს ჯილდო საქართველოში წამოვიღოთ. დღეს ჩვენ ვგრძნობთ კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას როგორც სათავო ოფისის, ისე ჩვენი კლიენტების წინაშე.

იხილეთ სრულად

მაღლა